საქართველოში მოღვაწე გერმანელების არქიტექტურული ნიმუშები
საქართველოს შენობა-ნაგებობათა დაპროექტების ისტორიაში, უცხოელი არქიტექტორების მიერ შეტანილი წვლილი უდიდესია
საქართველოს შენობა-ნაგებობათა დაპროექტების ისტორიაში უცხოელი არქიტექტორების მიერ შეტანილი წვლილი უდიდესია, განსაკუთრებული წვლილი კი გერმანელ არქიტექტორებს მიუძღვით, რომლებიც ქართულ მიწებზე ჯერ კიდევ 200 წლის წინ, მე-19 საუკუნის დასაწყისში დასახლდნენ და აქ თავიანთი კოლონიები დააარსეს.
პირველი გერმანელები საქართველოში 1817 წელს ჩამოვიდნენ და ამიერკავკასიაში თავიანთ პირველ დასახლებას „მარიენფელდი“ დაარქვეს. “ვიურთემბერგელი შვაბების” მიგრაცია, რამდენიმე არსებითი მიზეზით იყო განპირობებული, რაც უშუალო კავშირში იყო მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან და რელიგიურ პრობლემებთან. 1820 წელს საქართველოში ექვსი გერმანული კოლონია იყო – მარიენფელდი, ნოი-ტიფლისი, ალექსანდერსდორფი, კატარინენფელდი, ელიზაბეტთალი და პეტერსდორფი; დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კი ორი – ჰელენენდორფი და ანენფელდი. გერმანული კოლონიების დაარსება გაგრძელდა და შეიქმნა ფროიდენტალი, ალექსნადერსჰილფი, ბლუმენტალი, ასევე აფხაზეთში – გნადენბერგი, ნოიდრფი და ლინდაუ. მე-20 საუკუნეში კი დაარსდა გეორგსტალი, ტრაუბენბერგი, ვიზენდორფი, შტაინფელდი, ვალდჰაიმი, მარნაული, გრჲუნტალი, ჰოფნუნგსტალი, ტრაუბენტალი და როზენტალი.
ჩამოსულები კოლონიებში სახლდებოდნენ და ქალაქებში ხელოსნებად მუშაობდნენ. სახელმწიფოსაგან გამოყოფილ სახნავ-სათეს მიწებზე ადგილობრივები მიწის დამუშავებისთვის სხვადასხვა ხერხებს ასწავლიდნენ და მათ მალე მოიკიდეს ფეხი.
გერმანელი კოლონისტების საცხოვრებელი სახლები სწორად დაგეგმილ, ფართო ქუჩებზე მდებარეობდა, რომლებიც ერთმანეთს პერპენდიკულარული, უფრო ვიწრო ქუჩებით უერთდებოდნენ. ცენტრში ასევე მდებარეობდა სამმართველო, ეკლესია, სკოლა და საზოგადოებრივი შენობები.
ისინი ევროპის ქვეყნებთან კავშირს ამყარებდნენ, საქართველო პოპულარული ხდებოდა. გერმანელები აქტიურად ერთვებოდნენ თბილისის აღმშენებლობაში. წყაროები მოწმობენ, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის არქიტექტურის აღმშენებლობაში გერმანელმა არქიტექტორებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს.
სტატიაში საქართველოში მოღვაწე, გამოჩენილი გერმანელი არქიტექტორების შესახებ მოგითხობთ, რომლებმაც თბილისს მნივნელოვანი შენობა-ნაგებობანი და კულტურული მემკვიდრეობა შემატეს.
წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია
თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია – კათოლიკური ეკლესია თბილისში, რომელიც მეტროსადგურ მარჯანიშვილთან ახლოს, კიტა აბაშიძის № 10-ში მდებარეობს.
ეკლესიის მშენებლობა 1870 წელს დაიწყო, რომლის არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი გახლდათ. მშენებლობას კი შტაბს-კაპიტანი, ზუბალაშვილი ხელმძღვანელობდა. აქვე გაჩნდა ამავე სახელწოდების ქუჩაც. ეკლესიის ეზოში შესასვლელის თავზე ქართული წარწერაა (აქვეა რუსული წარწერაც), რომელიც გვამცნობს:
„გალავანი ესე აგებულ არს 1891 წელსა. წარსაგებელითა მიხეილ, პავლე, ნიკოლოზ და დედისა მათისა მარიამ ჯიმშეროვებისათა საუკუნო სახსენებლად ქრისტეს მოყვარე შემწირველისა მამისა და მეუღლის ივანე პეტრეს ძე ჯიმშეროვისა.“
საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი
სასახლე, რომელშიც საქართველოს თეატრის, მუსიკის კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმია მოთავსებული 1895 წელსაა აშენებული. იგი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ია კარგარეთელის ქუჩაზე მდებარეობს და გერმანელი არქიტექტორის, პაულ შტერნის მიერაა დაპროექტებული. თუმცა შენობა შემდგომშიც არაერთხელ გადაკეთდა.
XIX საუკუნის 60-იან წლებში ეს ადგილი ბაღის ქუჩად იწოდებოდა. ეს სახელი ქუჩის ორივე მხარეს გერმანელი კოლონისტების მიერ ბაღნარის გაშენებასთან იყო დაკავშირებული, რომლის ტერიტორიის დიდი ნაწილი ავსტრიის იმპერიის ქვეშევრდომს, ფრანც ტიტელს ეკუთვნოდა. მის ქალიშვილს, ემილიას ამ ქუჩაზე, 1895 წელს, არქიტექტორ პაულ შტერნისათვის სასახლის მშენებლობა შეუკვეთია. პროექტმა დასრულებამდე სახეცვლილება განიცადა, რადგან მშენებლობის პროცესში, ნაგებობა გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე პეტრეს ძე ოლდენბურგელმა (1850-1906) ერთი ქართველი მანდილოსნისათვის, აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანისათვის შეისყიდა. ეს ქალბატონი 1882 წელს რუსეთის იმპერატორის ნათესავმა, წარმოშობით გერმანელმა კ. ოლდენბურგელმა, ქალაქ ქუთაისში გაიცნო. იგი ამ დროისათვის სამეგრელოს თავადის ტარიელ დადიანის მეუღლე იყო. პრინცი იმდენად მოიხიბლა ამ ქალბატონის მშვენიერებით, რომ მისი ოჯახური მდგომარეობა და XIX საუკუნეში საქართველოსა და ევროპაში დამკვიდრებული ტრადიციები არაფრად ჩააგდო და ჯაფარიძე-დადიანის აგრაფინას სიყვარულში გამოუტყდა. ოლდენბურგელის მხურვალე გრძნობამ აგრაფინას ქმარიც დაავიწყა და მოვალეობაც. შეყვარებულებმა ქუთაისი დატოვეს და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. პრინცმა სატრფოს ახლადნაყიდ მიწაზე ულამაზესი სასახლე აუშენა. მოგვიანებით სწორედ ამ სასახლეში ცხოვრობდა სამეგრელოს უფლისწული ანდრია დადიანი, მსოფლიოში ცნობილ მოჭადრაკე, ეკატერინე ჭავჭავაძისა და დავით დადიანის უმცროსი ვაჟი. შემდეგ კი აქ დამკვიდრდა ანდრიას დის, სალომე დადიანის მეუღლე, პრინცი აშილ მიურატი.
საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა და ყოფილი დიდების ტაძარი
დღევანდელი ეროვნული სამხატვრო გალერეასა და ყოფილი „დიდების ტაძრის“ შენობა, საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა არქიტექტორმა, ალბერტ ზალცმანმა დააპროექტა.
მისი მშენებლობა 1890 წელს დაიწყო და 1892 წელს დამთავრდა. შენობის მოწყობა 1907 წლის თებერვალში დასრულდა და სამხედრო-ისტორიული მუზეუმი გაიხსნა, რომელსაც „დიდების ტაძარი” ეწოდა. მუზეუმის საგამოფენო დარბაზის სიგრძე – 58 მეტრია, სიგანე – 9, 5 მ. ფართი – 551 კვ.მ. ფანჯრების უქონლობის გამო დღის სინათლის მისაღებად დარბაზი გადახურულია მინით. სახურავის ასეთი კონსტრუქციით ეს შენობა, ერთი პირველთაგანი იყო თბილისში.
დიმიტრი შევარდნაძემ საქართველოში დაბრუნებისას საფუძველი ჩაუყარა ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას. 1917 წელს „დიდების ტაძარში” მისი თაოსნობით კედლის მხატვრობის პირების გამოფენა მოეწყო. ეს შენობა შემდეგ ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას გადაეცა, სადაც 1920 წელს, საქართველოში სახვითი ხელოვნების პირველი მუზეუმი – „საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა” გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელად დიმიტრი შევარდნაძე დაინიშნა.
თბილისის საკრებულოს შენობა
შენობა XIX საუკუნის 40-იან წლებშია აგებული. დედაქალაქის მმართველობამ საქალაქო პოლიციისთვის აგებული შენობის გადაკეთების გადაწვეტილება, 1882 წელს მიიღო. ამ პერიოდში არქიტექტორ ალექსანდრ ოზეროვის პროექტის მიხედვით, შენობას განაპირა მხარეები მიაშენეს. მოგვიანებით ნაგებობა კვლავ გადაკეთდა, ამჯერად მისი იერსახის ცვლა პაულ შტერნმა განახორციელა. მან ნაგებობის ცენტრალურ ნაწილს მესამე სართული დაუმატა, რითაც შენობას საფეხუროვანი სილუეტი შესძინა. ამას გარდა, მანამდე არსებული სახანძრო კოშკურა, უფრო მაღალმა, ფანჩატურით დაგვირვინებულმა რატუშამ და საათმა შეცვალა.
შენობამ საბოლოო სახე 1910-1914 წლებში მიიღო, როდესაც მისი გვერდითა მხარეები ერთი სართულით ამაღლდა და მოედნისკენ მიმართულ ცენტრს გაუთანაბრდა.
შტერნს სურდა შენობისთვის ეგზოტიკური აღმოსავლური სახე მიენიჭებინა, სწორედ ამიტომ ფასადზე თავი მავრიტანული სტილის ელემენტებმა იჩინეს: ნაგებობას სტალაქტიტური ფრიზი შემოუყვება, მეორე სართულზე სწორკუთხა ნიშებში შეისრული ღიობებია ჩაწერილი. შეისრული ფორმის მოყვანილობა აქვს მესამე სართულის ფანჯრებსაც.
საბჭოთა პერიოდში შენობაში, ქალაქის სათათბირო და გამგეობა იყო განლაგებული. მოგვიანებით, აქ დედაქალაქის მერიამ დაიდო ბინა. ხოლო 2008 წლიდან მოყოლებული, მას მერე რაც მერია და საქალაქო სამსახურებმა სხვა შენობაში გადაინაცვლეს, ნაგებობა თბილისის საკრებულოს დაეთმო.