როდის დაიწყება გერგეტის სამების რეაბილიტაცია და რამდენი დაიხარჯება პროექტის განსახორციელებლად
ყაზბეგში, გერგეტის სამების სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს, ვინაიდან სახურავიდან ჩასულმა ნალექმა კედლები დააზიანა, პროექტის განსახორციელებლად 614 000 ლარი გამოიყო.
მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით სამუშაოებს მალე, შპს „ჯავა კონსტრაქშენი” დაიწყებს.
“ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – გერგეტის სამების ინტერიერში სახურავიდან ბუნებრივი ნალექი ჩადიოდა. გადახურვის ნაშვერების არქონის გამო სახურავიდან ჩასული ნალექი პირდაპირ კედელზე ჩამოედინებოდა, რაც აზიანებდა კედლის საფასადე წყობასა და ცოკოლს.
პროექტით გათვალისწინებულია მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს სახურავის შეცვლა, წყლის გადაყვანის სისტემის მოწესრიგება, ექსტერიერსა და ინტერიერში კედლის ქვის წყობის კონსერვაცია და ტაძრის პერიმეტრიდან ბუნებრივი ნალექის ნაკადების ეზოსკენ მიმართვა”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გერგეტის სამება ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარი და, ამავე დროს, ყველაზე დიდი ეკლესიაა ხევში. ეს არის ხევის მთავარი სალოცავი. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო (XIV ს.) და საბჭეო (XV ს.).