გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე ფასის კლება 2024 წლამდე გაგრძელდება

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“, Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსმა კახა სამყურაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე რისკები მომატებულია. მისივე თქმით, გასაქირავებელი უძრავი ქონების ფასის კლება შემცირებული მოთხოვნიდან გამომდინარე 2024 წლამდე გაგრძელდება, საკითხი კი პირდაპირ კავშირში იქნება მიგრაციულ ტალღასთან.

გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე ფასის კლება 2024 წლამდე გაგრძელდება

„ჩვენ დიდი ხანია ვამბობდით, რომ ქირა იმაზე მეტად არის გაზრდილი, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ბოლო რამდენიმე თვეა ვხედავთ, რომ ჯერ დასტაბილურება დაიწყო ბაზარმა, შემდეგ კლება და ამის გაგრძელების მოლოდინი არსებობს. მიგრაციული ტალღაც შესუსტებულია, ბოლო თვეებში მეტი გასვლაა, ვიდრე შემოსვლა.
რამდენად სწრაფი იქნება კლება, დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება მიგრანტების გასვლის ტემპი. თუ ისეთივე უეცარი იქნება როგორც შემოსვლა, ბუნებრივია, ამას ქირაზე ექნება სწრაფად ასახვა. თუ თანდათანობით მოხდა მათი დაბრუნება, მაშინ თანდათანობითვე მოხდება ქირების კლება, ჩვენ ნახტომისებულ კლებას არ ველოდებით, თუმცა შემცირების ტრენდი ვფიქრობთ, რომ გაგრძელდება როგორც წლის ბოლომდე, ისე 2024 წლის განმავლობაში“, – განმარტა Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა მკვეთრად შეიცვლება, ეს შესაძლებელია, სისტემური რისკების დაგროვების წყაროც გახდეს.