გარევაჭრობა – სიდუხჭირიდან გამოსავლის ძიებაში
თბილისი, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიოტირია ერთი შეხედვით, ფანტასტიკური ჟანრის ფილმს მოგაგონებთ...
თბილისი, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიოტირია ერთი შეხედვით, ფანტასტიკური ჟანრის ფილმს მოგაგონებთ, სადაც ყველა ჩქარობს მაგრამ მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც მოქალაქეების სიჩქარით სარგებლობენ და საკუთარი საქონლის გაყიდვას სახელდახელოდ მოფიქრებული ე.წ მარკეტინგული ხრიკებით ცდილობენ. სქემა მარტივია, გარემოვაჭრეთა დღე თბილისის მეტროს გახსნისთანავე იწყება.
ორად გადაკეცილი ხის სკამები იშლება და მუყაოს ყუთებზე სხვადასხვა სახის საქონელი ლაგდება. ამ ერთი შეხედვით მარტივ მარკეტინგში გასაოცარი არაფერია, თუმცა აქ ერთი მთავარი რამ არის, სისტემა, რომელიც ამ დრომდე ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეცვალა.
გარემოვაჭრეები არაფორმალური მშრომელების ყველაზე ხილული ნაწილია. ფართო გაგებით, გარემოვაჭრე, შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც საჯარო შეთავაზების გზით, გასაყიდად გამოაქვს რაიმე ნივთი, პროდუქტი, მომსახურება და ამითვის მას არ გააჩნია მუდმივი და დაცული ტერიტორია. გარემოვაჭრეები შეიძლება გადაადგილდებოდნენ პროდუქტის გასაყიდად ერთი ადგილიდან მეორეზე, ან ყიდდნენ პროდუქტს დახლებიდან, თუმცა ამგვარი განმარტების მიღმაც ყველასთვის ცხადია, თუ ვის ვგულისხმობთ გარემოვაჭრეებზე საუბრისას. ჩვენ ყველას შეგვიძლია ამოვიცნოთ გარემოვაჭრე საერთო მახასიათებლით – სიღარიბით.
შეუმჩნეველი არავის დარჩება 97 წლის ქალი პეკინის გამზირზე, რომელიც ყვავილების მაღაზიასთან დგას და ზურგში მოხრილი, წინ გაშლილ ხილსა და ბოსტნეულს დაჰყურებს. ის ახლა არ მოსულა, მისი სამუშაო დღე დიდი ხანია დაიწყო. ნათელა ბებო კახეთის რეგიონიდან არის. ის ამბობს, რომ თბილისში ქირით ცხოვრობს და ჯანმრთელობის პრობლემებით მქონე, ერთადერთ შვილს უვლის. შესაბამისად იძლებულია, რომ იმუშაოს და პურის ფული იშოვოს. აღფრთოვანებულია საზოგადოების განწყობით. ამბობს, რომ ყველას უყვარს და ქუჩაში თბილად ესალმებიან…
გარემოვაჭრეების რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, თუმცა სხვადსხვა არაოფიციალური გათვლებით თბილისში მათი რაოდენობა, 5 ათას ადამიანამდე მერყეობს.
თბილისში გარემოვაჭრეობასთან ბრძოლას დიდი ხნის ისტორია აქვს. საქმიანობის ეს დარგი დედაქალაქში 2006 წელს აიკრძალა. ჯერ კიდევ მაშინ გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. მოსახლეობის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ვაჭრობის ამ მეთოდით ირღვეოდა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდებოდა გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდებოდა ანტისანიტარია, მახინჯდებოდა თბილისის იერსახე და ფერხდებოდა გადაადგილება. სწორედ აქედან გამომდინარე, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოვაჭრეებს უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემოდათ. მაშინდელმა მთავრობამ გაილაშქრა გარემოვაჭრეების წინააღმდეგ, თუმცა წინა ხელისუფლება მალევე წავიდა დათმობაზე და კვლავ მისცა მოსახლეობას ქუჩაში ვაჭრობის საშუალება.
უახლოეს წარსულში თბილისის მერია გარევაჭრობის აღკვეთის ღონისძიებების გაგრძელების ინიციატივით გამოვიდა და გარემოვაჭრეებს მოწესრიგებული, ალტერნატიული სივრცე შესთავაზა. კახა კალაძემ განმარტა, რომ მოვაჭრეები ეკონომიკურ საქმიანობას მოწესრიგებულ სივრცეში, კანონის შესაბამისად განაგრძობდნენ. გარემოვაჭრე ვინც თბილისის მერიის შეთავაზებას დასთანხმდა და ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე აგრძელებდა ადმინისტრაციისგან შეღავათებიც მიიღო და 4 თვის განმავლობაში დადგენილ გადასახადს არ იხდიდა. თუმცა მათი ნაწილი შეთავაზებას არ თანხმდებოდა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ბაზრობაზე გადასახადი საკმაოდ ძვირია, მათ კი ამის საშუალება არ ჰქონდათ, რასაც ქუჩაში დგომას ამჯობინებდნენ.
თბილსის ერთ-ერთ მეტრო სადგურთან 80 წლის აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი, რომელიც გარემოვაჭრეა გვიყვება, რომ მისთვის შრომის ეს მეთოდი ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ქალბატონი ლარა ამბობს, რომ ბაზარში არსებული დახლის გადასახადი, დღეში 15-20 ლარი მისთვის ძალიან ძვირია, რადგან ხშირ შემთხვევაში დღიურად 10 ლარსაც ძლივს გამოიმუშავებს.
იმის მიუხედავად, რომ თბილისში ყოველდღიურად უკანონო გარევაჭრობის 100-ზე მეტი ფაქტის აღკვეთა ხდება, გარემოვაჭრეები უკან არ იხევენ და ბაზარში არსებულ მოვაჭრეებს კონკურენციასაც კი უწევენ. ამის ნათელი მაგალითი ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორია და დეზერტირების ბაზარია. Kalaki.ge-ის კორესპონდენტი მოვაჭრეების პრობლემების გასარკვევად ბაზარში მივიდა. ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მომხმარებლების სიმცირეზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ. მათი თქმით, ნაკლები მყიდველი ერთის მხრივ გაძვირებული პროდუქტის გამოა, თუმცა დამატებით პრობლემას გარე მოვაჭრეები ქმნიან. შიდა ტერიტორიაზე მყოფი მოვაჭრეები ამბობენ იმასაც, რომ მომხმარებლების უმეტესობა ბაზარში აღარ შედის, რადგან მყიდველს გარეთ, უნებართვოდ გამოსული მოვაჭრეები აჩერებენ და პროდუქტსაც უფრო შეღავათიან ფასში სთავაზობენ.
უკვე წლებია დედაქალაქში გარევაჭრობა კანონმდებლობით არის აკრძალული, თუმცა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები თითქმის ყველა მეტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეც ფიქსირდება.
ეს საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ, მას შემდეგ გახდა, რაც ცნობილი გახდა, რომ უნებართვო გარე ვაჭრობაზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდეს. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 5 აპრილს მიიღო. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
კერძოდ, გარე ვაჭრობის წესების დარღვევისთვის უცვლელი რჩება ზოგიერთი სახის ჯარიმა: უნებართვო გარე ვაჭრობისთვის ჯარიმა 20-დან 50 ლარამდეა; უნებართვო გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირის დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებულია 50-დან 100 ლარამდე ჯარიმა ან 7 დღემდე პატიმრობა.
კანონის მიღების შემდეგ: განმეორებით უნებართვო ვაჭრობისთვის ჯარიმა იქნება 100-დან 200 ლარამდე; სატრანსპორტო საშუალებით გარე ვაჭრობა 500 ლარით დაჯარიმდება; იგივე სამართალდარღვევების დროს უფლებამოსილი პირის დაუმორჩილებლობისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა ან 7 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.
დოკუმენტში დაკონკრეტებულია, რომ სიტყვიერი გაფრთხილების შემთხვევაშიც კი გარე მოვაჭრეს გასაყიდ ნივთებს ჩამოართმევენ.
“დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის მიზნით მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას”, – განმარტებულია კანონპროექტში.
კანონპროექტის მისაღებად აუცილებელია პარლამენტმა მას მხარი სამი მოსმენით დაუჭიროს, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. ეს ცვლილებები, მიღების შემთხვევაში, ამოქმედდება მესამე მოსმენიდან 15 დღეში.
როგორ უნდა დარეგულირდეს საქმიანობის ეს სფერო და რა არის გამოსავალი? – აღნიშნული კითხვით Kalaki.ge-ის კორესპონდენტმა ეკონომისტ ვახტაგ ჭარაიას მიმართა. მისი განმარტებით, სასურველია, რომ გარევაჭრობა ჩვენს ქვეყანაში არ იყოს, რადგან მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობები ირღვევა და ასევე, თბილისში ნაკლებად, მაგრამ რეგიონებში კონტრაბანდული საქონელის რეალიზაციის შემთხვევები ძალიან ხშირია. თუმცა, ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული სიღარიბიდან გამომდინარე, ამ ადამიანებისთვის საქმიანობის სრულად აკრძალვის მიზნით, კაბალური სანქციების დაწესებაც არ არის გამოსავალი, რადგან ამ მეთოდით გარევაჭრობა შეიძლება აიკრძალოს თუმცა, შესაძლებელია მოსახლეობის სოციალური პირობები უფრო მეტად გაუარესდეს.
შრომა სამყაროს მამოძრავებელი ძალაა. მის გარეშე საზოგადოების არსებობა წარმოუდგენელია. საკუთარი ძალებით საარსებო წყაროებიდან შრომამ შეიძინა ადამიანის განვითარებისა და თვითრეალიზების შინაარსი, თუმცა ეს ჩვენს რეალობაში იშვიათი გამონაკლისია. რთული სოციალური მდგომარეობისა და სიღარიბის გამო, შრომის აბსოლიტური უმრავლესობა კვლავ არის მძიმე. ამ მეთოდებით, ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან. გარევაჭრობაც სწორედ ამ ფორმის ნაწილია.