გამკაცრდება თუ არა გარევაჭრობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
თბილისში, გარე ვაჭრობა აღმოუფხვრელ პრობლემად, რჩება. ბორდიულებზე განთავსებული სავაჭრო საქონელი, დედაქალაქში აპრობირებული პრაქტიკაა, ამით განსაკუთრებით ვაგზლის მოედნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია გამოირჩევა. ამ დრომდე გარე ვაჭრობა, ადმინისტაციულ სამართალდარღვევად ითვლება, რომელის არსებობის შემთხვევაში პირი, 50-დან 100- ლარამდე დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში, კი შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 7 დღის ვადით.
რაც შეეხება ახალ ცვლილებას კანონპროექტში, არსებული რეგულაცია უცვლელი სახით რჩება, თუმცა პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონის პროექტის თანახმად, ნორმას ემატება სანქციები აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის და ასევე, აღნიშნული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენისთვის.
უფრო კონკრეტულად, კანონის პროექტის თანახმად, უნებართვოდ გარევაჭრობის განმეორების შემთხვევაში ფიზიკური ან იურიდიული პირი დაჯარიმდებიან 100-დან 200 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
აღნიშნული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით. ამასთან, ეს უკანასკნელი ქმედება, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ორგანოს ან უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.