თბილისის ყველაზე მაღალი წერტილი, 770 მეტრის სიმაღლეზე მდებარე მთაწმინდის პარკი - გართობისა და დასვენებისათვის საუკეთესო ადგილი თბილისში. 100 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე გაშლილი ადგილის ისტორია საუკუნეს აჭარბებს. პარკი დაყოფილია სამ - ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონად. ატრაქციონების გარდა პარკში განლაგებულია რესტორნები და კაფეები, მაღაზიები, სარელაქსაციო ზონები, სადღესასწაულო ცენტრი და ქორწინების სახლი.
მთაწმინდის პარკთან დაკავშირება ხდება, როგორც სამანქანე გზით, ასევე ფუნიკულიორით, რომელიც 1905 წელს აიგო და თავის მხრივ წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ღირშესანიშნეობას. თბილისის ცენტრიდან პარკამდე მანძილი კი 7,5 კილომეტრია, რასაც საშუალოდ 12–15 წუთი სჭირდება მსუბუქი მანქანით და დაახლოებით, 15–20 წუთი ავტობუსით მისასვლელად. ამ სივრციდან ასევე, საფეხმავლო ბილიკით შესაძლებელია კუს ტბაზე გადასვლაც.
პარკში მდებარეობს აგრეთვე, თბილისის სატელევიზიო ანძა, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან მოსჩანს და იგი თბილისის ერთ-ერთი სიმბოლოა.
თბილისის ტელეანძა, რომელიც ევროპის უნიკალური ანძების სიაშია შეტანილი, დამოუკიდებლად მდგომი სტრუქტურაა. ნაგებობა 1955 წელს საკომუნიკაციო მიზნებისთვის აშენდა. 1972 წელს მოხდა პირველი ანძის დემონტაჟი, რომელიც ქალაქ გორთან იქნა გადატანილი, ხოლო მის ადგილას თანამედროვე ანძა აშენდა. ტელეანძას „საქართველოს ტელეცენტრი“ მართავს, რომელიც 1955 წელს დაარსდა. ანძის საკომუნიკაციო სისტემები მოიცავს ტრანსლირებას, MMDS, პეიჯერსა და მობილურ გადამცემებს და კომერციულ ტელევიზიას.
ანძის დამპროექტებელი ნიკალაი ბუტიაა, პროექტი კი კიევის მეტალოკონსტრუქციების კვლევითმა ინსტიტუტმა დაამუშავა. ქარის დროს, როდესაც მასზე დაწოლა ხდება, ანძას თავისი გადახრის მაჩვენებელი აქვს. მისი გადახრის დასაშვები ნორმა ორივე მხარეს 8,5 მეტრია, შემდეგ კი თავის მდგომარეობას უბრუნდება.
1994 წელის ოქტომბერში ანძას ხანძარი გაუჩნდა, რამაც თავისთავად, მეტალო-კონსტრუქციის დაზიანება გამოიწვია . მოგვიანებით ექსპერტებმა დადეს დასკვნა, რომ ანძა კიდევ 50 წელი იფუნქციონირებდა. მრგვალი შენობა 160 მეტრ სიმაღლეზეა, სადაც მთავარი ლიფტი ადის,ზემოთ კი პატარა ლიფტია ასასვლელად. თბილისის ანძა წითელი და თეთრი ფერისაა, რაც საერთაშორისო სტანდარტს იმეორებს და თავისი ფუნქციაც აკისრია. ეს ფერები შერჩეულია იმისათვის, რომ მფრინავმა ობიექტმა კონსტრუქცია შორი მანძილიდანაც შეამჩნიოს. საინტერესოა, რომ ანძა ხუთ წელიწადში ერთხელ იღებება. მისი შეღებვა იწყება ზედა წერტილიდან ქვედა მიმართულებით. თბილისის ანძა პერიოდულად, სადღესასწაულოდ თუ სხვა დანიშნულებით, სხვადასხვა ფერად ნათდება.
თბილისის ტელეანძას ამ ეტაპზე ტურისტული და სანახაობრივი ფუნქცია არ აქვს. ამჟამად ტელეანძაზე ასვლა თანამშრომლებს შეუძლიათ. მას 80-ამდე ადამიანი ემსახურება, თუმცა თბილისში ჩამომსვლელი ყველა სტუმარი მთაწმინდას მაინც მიაშურებს, რადგან ულამაზესია მთაწმინდიდან დანახული თბილისის ხედი.
თბილისში ყველაზე მაღალი ნაგებობის სიმაღლე 275 მეტრს შეადგენს, თუმცა კონსტრუქციის დანიშნულება ამ ეტაპზე მხოლოდ ტექნიკურია და მას მომავალში შესაძლოა კაფეები და რესტორნებიც დაემატოს.
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა , ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა, რომ ებრაული კომპანია „კას გრუპი“ თბილისის ანძის მოდერნიზებას იწყებს. ანძის ტურისტულ ინფრასტრუქტურად გარდაქმნის პროექტშიც ცვლილებები შედის. დედაქალაქის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა 2024 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ ორი წლით გადაიწია. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, პროექტი განხორციელდება ისე, რომ თბილისის ანძის ძველი იერსახე მაქსიმალურად შენარჩუნდება. დაანონსებულია მისი გაფართოება და სტუმრებისთვის პანორამული გადმოსახედისა და კვების ობიექტების მოწყობაც.
„კომპანიამ გაიარა ერთ-ერთი რთული ეტაპი და შენობის პირველადი ვიზუალი, თბილისის ისტორიულ საბჭოსთან შეათანხმა. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა და შენობის ავტორები მოვიწვიეთ. მათ დეტალურად შეისწავლეს პროექტი, შენობის მდგრადობის დადგენის კუთხით. ამ ეტაპზე დეტალური პროექტირება მიმდინარეობს. წინ არაერთი ურთულესი ეტაპი გვაქვს გადასალახი, მათ შორის, კონსტრუქციული გადაწყვეტილებები და მიმდინარე საექსპერტო დასკვნები”, – განაცხადა კომპანიის ტექნიკურ დირექტორმა და პროექტის მენეჯერმა ანა შანიძემ.
თბილისის ისტორიული ანძის მოდერნიზების შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს გახდა ცნობილი, რაზეც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 2021 წელს გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით კი შეირჩა კომპანია KASS GROUP-ი, რომელმაც თბილისის ანძა ტურისტულად უნდა დატვირთოს. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, 4 მილიონ დოლარიანი საინვესტიციო ვალდებულება შესაძლოა გაორმაგდეს და დაახლოებითი ინვესტიცია 8 მილიონი დოლარამდე გახდეს, თუმცა ზუსტი ოდენობის თანხის დასახელება თუ რა რაოდენობის ინვესტიციაზე იქნება საუბარი, დღეს შეუძლებელია. ეს ინფორმაცია მხოლოდ დეტალური პროექტირების შემდეგ გამოიკვეთება. KASS GROUP-ის თბილისის ანძაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა 28-წლიან მართვაში გადაეცემა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, თბილისის ანძის მოდერნიზების პროექტზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია. მათივე ცნობით, პროცესი სრულად დაახლოებით, 2 წელიწადში დასრულდება.
„კასს გრუპი” საქართველოსა და ისრაელში ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო ჯგუფია. კომპანია, რომელიც ებრაელმა ინვესტორმა, ჰანოხ კასსმა დააარსა, ახორციელებს პროექტებს უძრავი ქონების, დაცული ტერიტორიების მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების სფეროში.
სწორედ კომპანია „კასს გრუპის“ პროექტია „კასს ლენდი“, რომელიც წალკის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული სივრცის მოწყობას ახორციელებს.
პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრი სიგრძის ულამაზესი „ბრილიანტის ხიდი“, რომელიც 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის უნიკალური კანიონის თავზეა გადაჭიმული. ის გახსნის დღიდან უამრავ ვიზიტორს იზიდავს.