გამრეკელის ქუჩაზე ავარიული სახლი მრავალბინიანი საცხოვრებელით ჩანაცვლდება

გამრეკელის ქუჩის პირველი შესახვევის N6-ში, არსებული 4-სართულიანი, ავარიული შენობის ადგილზე ახალი, მრავალბინიანი, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება - ინფორმაცია დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გაავრცელა.

გამრეკელის ქუჩაზე ავარიული სახლი მრავალბინიანი საცხოვრებელით ჩანაცვლდება

დედაქალაქის მერის განმარტებით აღნიშნულ მისამართზე სამუშაოები მალე დაიწყება.

” აღნიშნულ მისამართზე არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, საცხოვრებლად უვარგისი იყო და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. მომზადდა პროექტი, რომელიც შედგენილია შპს „ჯორჯიან ჰაუსის“ მიერ. დაახლოებით, 36 თვე დასჭირდება სამუშაოების ჩატარებას. 19 ოჯახი, რომელიც ავარიულ სახლში ცხოვრობდა, ბინით უზრუნველყოფილია და ქირით გაყვანილია იქამდე, სანამ ამ პროექტის განხორციელება არ დასრულდება. ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობთ, იაქტიურეთ, მიმართეთ თქვენს რაიონულ გამგეობას და ყველანაირად დაგეხმარებით. საჭიროა, ყველა მობინადრისგან იყოს თანხმობა, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. უკვე არსებობს უამრავი შეთანხმება, რომელიც სხვადასხვა ეტაპზეა და პროექტის შემუშავება სანებართვო ეტაპზე მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ავარიული სტატუსის მქონე ყველა ავარიული კორპუსის ჩანაცვლება 2-3 წელიწადში შეუძლებელია, თუმცა, ეტაპობრივად, ყველაფერი მოწესრიგდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აღნიშნულ პროგრამით დაინტერესება და მასში მონაწილოება სთხოვა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს, მიიღონ მონაწილეობა ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროგრამაში. მესმის, რომ ბიზნესი ვერ ხედავს დიდ ეკონომიკურ მოგებას ამ შეთავაზებით, თუმცა ამით უამრავ ადამიანს ვახარებთ და პროცესში თქვენი თანამონაწილეობა პრინციპულად მნიშვნელოვანია. შედარებისთვის, როდესაც კორპუსებს აშენებთ, დეველოპერულ საქმიანობასთან შედარებით, აქ მომგებიანობა გაცილებით ნაკლებია. ეს არის სოციალური პროექტი, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ. მინდა, მიიღოთ ამ ტენდერებში მონაწილეობა. ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ამ თემაზე არაერთი შეხვედრა გამართა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან, ავუხსენით ყველაფერი, ვთხოვეთ მხარდაჭერა და ვნახოთ. იმედია, იქნება მათი მხრიდან მეტი ჩართულობა, რაც ქალაქისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა.