ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი ივნისიდან დაიწყება
პირველ ეტაპზე კანონი 4 ქალაქში ამოქმედდება - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში; სანქციები კი შემდეგნაირად განისაზღვრება: სპეციალური ხელსაწყოებით გაზომვის შემდეგ, თუ დადგინდება კონკრეტული მავნე ნივთიერებების გადაჭარბება, ფიზიკური პირის შემთხვევაში, თავდაპირველად სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 300 ლარი გახდება.
თუ კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ადგილზე დაუდგინდება მავნე ნივთიერებების გადაჭარბება და ავტომობილის მესაკუთრე არ დაეთანხმება შედეგებს, მას უფლება აქვს ავტომობილის გადაყვანა მოითხოვოს უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში. ტექინსპექტირების ცენტრში ახლიდან გადის ავტომობილი ტექნიკურ დათვალიერებას, ოღონდ არამარტო გამონაბოლქვზე. თუ დადასტურდება ჩვენს მიერ წარდგენილი შედეგები, შედგენილი ოქმი ძალაში რჩება. თუ არ დადასტურდა და სხვა შედეგი იქნება, ჯარიმის ანულირება მოხდება. ამ შემთხვევაში, ტექინსპექტირების საფასურის გადახდა არ ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.