თუ გინდა ზღაპრის გმირობა, გამომყევი ნიკორწმინდაში
Kalaki.ge-მ საქართველოს სხვადასხვა მხარეში გამოგზაურათ
Kalaki.ge-მ საქართველოს სხვადასხვა მხარეში გამოგზაურათ, გაგაცნოთ მიმდინარე მშენებლობები, გაზიარათ ამ ქვეყნის საოცარ კუთხეებში არსებულ უახლეს სასტუმროებს თუ მივიწყებულ არქიტექტურულ ძეგლებს, თუმცა ზღაპრული მხარე, რომელიც ერთიანად გავსებს სიმშვიდითა და სიძლიერით, კავკასიონის თეთრი მწვერვალებით, ულამაზესი ტყეებით, ბილიკებით, კლდეებით, გამოქვაბულით, ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრით, ყურადღების მიღმა ნამდვილად არ უნდა დარჩეს - ეს ხომ რაჭის ულამაზესი სოფელი ნიკორწმინდაა.
თავად რაჭა ეს სულ სხვა მცნებაა – უკიდეგანო მთებით გარშემორტყმული საოცრებათა ქვეყანა: ჩრდილოეთით – კავკასიონის ქედი, აღმოსავლეთით – ლიხის მთა, სამხრეთით – ნაქერალა, დასავლეთით კი – სვანეთის მთები. როგორც კი ამ მთებიდან გადმოიხედავ უსასრულობაში ფრენის სურვილი გიჩნდება, სურვილი გადაუფრინო ქაფმოდებულ მდინარეებსა და ჩანჩქერებს, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. განა სხვაგან სად იპოვი 25-ზე მეტი სახეობის სამკურნალო-მინერალურ და გოგირდოვან წყალს, ყურძნის უნიკალურ ჯიშს – ხვანჭკარას.
ნიკორწმინდისკენ მიმავალ გზაზე ნაქერალას უღელტეხილს გაივლით, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ საოცრებათა ქვეყანაში მოხვდით.
თბილისიდან ნაქერალას უღელტეხილამდე შორი გზაა, თუმცა მასზე ასვლა საოცრება, რადგან მისი ყველაზე მაღალი წერტილიდან ულამაზესი ხედის დანახვა შეიძლება. ზღვის დონიდან 1218 მ-ზე მდებარე ნაქერალადან შესაძლებელია სამყარო ხელის გულზეც კი დაგეტიოს.
ზოგ შემთხვევაში აქ ავტომობილით მოძრაობა საშიშიც კია, რადგან ნაქერალაზე არსებული ნისლი ერთიანად შთანთქავს და ათეთრებს ტყიბულიდან ნიკოწმინდისაკენ მიმავალ გზას. ამ დროს გრჩება შთაბეჭდილება, რომ თვალებზე ხელაფარებული მიუყვები გზას და მხოლოდ “მეექვსე გრძნობის” იმედად რჩები.
როგორც კი ნაქერალას თავს დააღწევ რაჭაში, თოვლით დაფარული მწვერვალების, უღრანი ტყეებისა და ყვავილებით მოჩითული მდელოების გულში ხელოვნური წყალსაცავი – შაორი შეგხვდება, რომლის ზღაპრულობა ჯერ კიდევ ხიდიდან იწყება, ხიდიდან რომლიდანაც ყველა მხრიდან გარშემორტყმულ წყალსაცავისა და ტყის ნაზავში ხვდები. დგახარ ხიდზე და და ფიქრობ, ოდესმე თუ გინახავს მსგავსი გარემო, რომლის უკიდეგანო სივრცეც დაუსრულებლობის განცდას გიქმნის და წლის ყველა სეზონზე სამოთხეში გაგრძნობინებს თავს.
შაორის გარშემო ხშირი ტყით დაფარული ნაქერალას ქედია. აქ ყველა სეზონზე შეგიძლია ამოხვიდე, თუმცა ტბა განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე, როდესაც ლაჟვარდისფერი წყალი ტყიდან ყვითელს, მეწამულსა და ნარინჯისფერს ირეკლავს.
შაორის შემოგარენი დასვენებისათვის შესანიშნავი ადგილია. ტბა განსაკუთრებით ეკოტურიზმისა და თევზაობის მოყვარულებს იზიდავს. აქ კამკამა წყალში იცურავებ, ნავით ისეირნებ, ითევზავებ, ტყეში სოკოს, კენკრას დაკრეფ და ნაქერალას მწვერვალზე ლაშქრობას მოაწყობ.
შაორის წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში უდიდესია. ის გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა და ზღვის დონიდან 1100-1200 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. წყალსაცავის მოცულობა 90 მილიონი კუბური მეტრია, სიგრძე – 7.1 კმ. მაქსიმალური სიგანე – 2.7 კმ. უდიდესი სიღრმე კი – 14.5 მეტრი. წყალსაცავს მდინარე შაორის სახელი ჰქვია, რომელიც მას წყლით ამარაგებს.
ზღაპარი ნიკორწმინდის ტაძრის ეზოში გრძელდება. საოცრებაა დღისა და ღამის ნიკორწმინდის ტაძრის ეზო, დღისით განათებული მომავლის იმედით და ღამით უშველებელ ტაძარზე წამომდგარი მთვარე. მგონია, რომ სწორედ ეს მთვარე და მასზე მოელვარე ტაძარი გისრულებს ყველა სურვილს, ამიტომ მიყვარს ნიკორწმინდის ტაძრის ეზო ღამით, როდესაც მე და მთვარე ტაძრის ანარეკლის ფონზე, ერთმანეთს ვეჩურჩულებით.
ტაძარი? ტაძარი დიდებული, ქართველთა სიამაყე მედიდური, ამაყი, როგორც ქართველი ერი, ყოვლისმომსწრე და მრავალჯერ ნატანჯი…
აშენებული – XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით რაჭის საერისთავოს შექმნის აღსანიშნავად, რომელიც შემდეგ ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა. სახელი „ნიკორწმინდა” კი წმ. ნიკოლოზის სახელთან არის დაკავშირებული. ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრის შესახებ, არაერთი მოგზაური თუ ისტორიკოსი წერდა. სწორედ ნიკორწმინდაზე შეიქმნა არაერთი ლექსი თუ ჩანახატი, რომელიც მის მნახველს შემოქმედების სურვილს მუდმივად აღუძრავს, რადგან შთაგონების საიდუმლო ხომ თავად შთაგონების წყაროშია.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
2012 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ჭვარტლით დაფარულ კარიბჭეებში აღმოჩნდა XVI საუკუნის მანამდე უცნობი ფრესკები: ტაძრის ქტიტორთა, ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებები. ერთ-ერთი ფრესკული წარწერა იხსენიებს ტაძრის მომხატველს, ვინმე ჯავახაძეს. ქტიტორთა გამოსახულებებთან მოხსენიებულია ორი გვარი, ჯავახაძეები და წულუკიძეები.
XI საუკუნის დასაწყისში, ტაძრის აგების პერიოდში დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.
ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.
XVI საუკუნეში იმერეთის მეფის, ბაგრატ III-ის ხელშეწყობით ნიკორწმინდა განაახლეს. ამ ფაქტის შესახებ 1534 წელს მეფის მიერ ტაძრისათვის ბოძებული სიგელი მოწმობს: „ჩვენ მეფეთ მეფემან ბაგრატ… ხელ-ვყავით აღშენებად დაკნინებულისა მონასტრისა… და შევქმენ საყდრად საეპისკოპოსოდ.“
აღსანიშნავია ამ უნიკალური ტაძრის არქიტექტურა, რომელიც ფორმით ცენტრალურ-გუმბათოვანია. მისი ექსტერიერი რთულია და ელეგანტურობას მოკლებული, განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტების სიუხვე, მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი, მნახველზე ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქრისტიანული სიუჟეტების გვერდით ბევრია ისეთი მოტივიც, რომლებიც ხალხურ წინარექრისტიანულ რწმენასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო, შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ნიკორწმინდის ფასადები და ეკვდერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია უაღრესად მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები, რეალური და ფანტასტიკური ცხოველები.
აღმოსავლეთ ფასადზე წარმოდგენილია ფერისცვალების სცენა, ხოლო სამხრეთ ფრონტონზე ქრისტეს მეორედ მოსვლა და ჯვრის ამაღლების კომპოზიციები, რომლებიც შინაარსობრივად ატარებს უფლის ძლევამოსილების იდეას. განსაკუთრებით გამოირჩევა ტაძრის კამარა, რომელზედაც გამოსახულია ორნამენტულად მორთული სხივი და მასში ჩასმული ჯვარი. ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელიც. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება. ტაძრის ეზოში აღმართულია სამსართულიანი სამრეკლო რომელიც XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული. ტაძარს დიდი გალავანიც ჰქონია, მაგრამ ამჟამად მისგან მხოლოდ ნაკვალევია დარჩენილი.
ნიკორწმინდის ტაძარი ფასადებსა და გუმბათის ყელზე ნაკვეთი უამრავი ჩუქურთმით, რელიეფური ქანდაკებითა და ბრწყინვალედ შესრულებული ფრესკებით ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია და ნათლად მიანიშნებს იმ ქართული მართლმადიდებლური ტაძრების სიდიადეზე, რომლებმაც ბედის უკუღმართობის გამო, პირვანდელი სახით ჩვენამდე ვერ მოაღწიეს. ნიკორწმინდის ჩუქურთმა თუ რელიეფი, ფასადების მორთულობა სამართლიანად ითვლება ქართული მონუმენტური პლასტიკის საგანძურად.
ნიკორწმინდის ტაძრის სიახლოვეს ბილიკს თუ გაუყვები, საერთოდ სხვა სამყაროში აღმოჩნდები – ეს ყველასთვის ცნობილი საყინულეა.
გამოქვაბულში შეღწევისთანავე ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას უმალ შეიგრძნობ. მღვიმეში გვხვდება ყინულის სტალაქტიტები, სტალაგმიტები, საუკუნოვანი ყინულის სვეტები. ეს კლდეში შეჭრილი ღრმა გამოქვაბული, ე.წ ბუნებრივი ჭა გახლავთ, სადაც წლის ნებისმიერ დროს ტემპერატურა ნული გრადუსია, კლდიდან გამონაჟონი წყლის წვეთები კი მიწაზე დაცემისთანავე ყინულად იქცევა.
დგახარ ამხელა გამოქვაბულის წინაშე და ვერც კი წარმოიდგენ თუ რამხელა საოცრება გელის სულ რამდენიმე ნაბიჯში. შესასვლელთან სულ რომ პაპანაქება სიცხე იყოს, მღვიმეში ყინულის ლოლოები მაინც კიდია. ცოტა ადამიანი თუ გარისკავს მღვიმის სიღრმეში შესვლას, მაგრამ რამდენიე მეტრის შემდეგ მთის შუაგულში, რომ აღმოჩნდები და შემდეგ სიღრმეში ჩახვალ, საოცარ ყინულივით ცივ ტბაში ამოყოფ თავს. აქ აუცილებლად მეგზური გჭირდებათ და ამ სასწაულის მეგზურობას ნიკორწმინდელები მრავალჯერ უწევენ იქ ჩასულ სტუმრებს.
თუმცა ნიკორწმინდის შემოგარენში შენი მოგზაურობა ასე არ სრულდება. წარმოუდგენელი შთაბეჭდილებებით გავსებს სოფლიდან დასავლეთით 4-5 კილომეტრის დაშორებით მდებარე ჭელიშის უდაბნოს მონასტერი, მდინარე შარეულას ხეობაში. ჭელიშის უდაბნოს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია რაჭის დიდი კულტურის ცენტრი გახლავთ.
აქ წარმოდგენილია შუა საუკუნეების მონასტერის შემორჩენილი ეკლესიის ნანგრევები და ორსართულიანი სამრეკლო. ჭელიში წყაროებში პირველად XI საუკუნეში იხსენიება. მომდევნო ხანაში აქ სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. XVI საუკუნის 60-იან წლებში ჭელიშის ეკლესია განაახლა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (საყვარელიძემ) იმერეთის მეფის გიორგი II-ის შემწეობით. 1591 წლიდან ჭელიში ნიკორწმინდის ეპარქიაში შედიოდა, ხოლო 1637 წელს ჭელიშის მონასტერი იმერეთის მეფე გიორგი მესამემ გელათს გადასცა. XVIII საუკუნის II ნახევრიდან აქ სამონასტრო ცხოვრება მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა და XX საუკუნის 20-იან წლებამდე გრძელდებოდა. ჭელიშში ინახებოდა მრავალი ქართული ხელნაწერი. 1902 წელს არქიმანდრიტმა ამბროსი ხელაიამ ეკლესიის ეზოში აღმოაჩინა აკლდამა, სადაც ინახებოდა „მოქცევაი ქართლისაის“ მანამდე უცნობი ხელნაწერის ვარიანტი, შატბერდულზე უფრო ვრცელი.
ჭელიშის ტაძრიდან წამოღებული კულტურის უამრავი ძეგლი საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებში ინახება.