Galt And Taggart-თბილისში, დაუსრულებელ კორპუსებში, ბინების 82% გაყიდულია
ე.წ. ჰაერის ყიდვა თბილისში ახალი არაა. მას შემდეგ რაც სამშენებლო ბიზნესის ინდუსტრია დაიწყო ქვეყანაში, აქტუალური გახდა დაუსრულებელ კორპუსში ბინის შეძენა. როგორც ჩანს ბოლო პერიოდში მოთხოვნამ კიდევ უფრო იმატა და ახლა უკვე Galt And Taggart-ი გამაოგნებელ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედბითაც თბილისში, დაუსრულებელ კორპუსებში, ბინების 82% გაყიდულია.
კვლევის მიხედვით, „გალთ ენდ თაგარტმა“ 2024 წლის იანვარში, 13 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა. გამოკითხვის შედეგად კი გაირკვა, რომ გაყიდვების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელს, რაც დასტაბილურდა 2023 წლის პირველ 9 თვეში. ხოლო დასტაბილურების შემდეგ, 2023 წლის მე-4 კვარტალში დეველოპერების გაყიდვები კვლავ დაჩქარდა და წინა სამი კვარტლის გაყიდვების საშუალო მაჩვენებელს 21.9%-ით გადააჭარბა. ამასთან, დეველოპერების გამოკითხვის შედეგებით, დასრულებულ პროექტებში თითქმის ყველა ბინა უკვე გაყიდულია. ამასთანავე, პროექტებში რომელთა დასრულების თარიღი 2026-2028 წლებია, ბინების თითქმის ნახევარია უკვე გაყიდული. კერძოდ, 2024 წელს დასამთავრებელ კორპუსებში ბინების 82%-ია უკვე გაყიდული, 2025 წელს დასამთავრებელში – 64%, ხოლო 2026-2028 წლებში დასამთავრებელ კორპუსებში – 45%.
აღსანიშნავია, რომ მიზეზი რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი სამშენებლო კომპანიებისგან, ე.წ. ჰაერს ყიდულობს არის ფასი, რომელიც დასრულებული კორპუსისგან განსხვავებით შეძლებისდაგვარად ხელმისაწვდომია, თუმცა აქვე საგულისხმოა რისკები რაც ე.წ. ჰაერის ყიდვას მოჰყვება. ხშირად წლების მანძილზე უწევთ მყიდველებს დასვან სამშენებლო კომპანიებთან მთავარი კითხვა-როდის დასრულდება მშენებლობა?