ფილარმონია – თბილისის სავიზიტო ბარათი და მასზე მასშტაბური “ივენთჰოლის” მშენებლობა საბურთალოზე
იქ, სადაც დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზი დგას და რომლითაც მრავალი თბილისელი იწოდენებს თავს, წლების წინ აქ სულ სხვა ნაგებობა იდგა
იქ, სადაც დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზი დგას და რომლითაც მრავალი თბილისელი იწოდენებს თავს, წლების წინ აქ სულ სხვა ქონგურებიანი, ძველი ქართული ციხესიმაგრის მსგავსი გრძელი, სამსართულიანი ნაგებობა იდგა.
XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, თბილისში დიდი საკონცერტო დარბაზის აუცილებლობის საკითხი წამოიჭრა. ამის მიზეზად კი შემდეგი ფაქტორები დასახელდა: თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრი და სპორტის სასახლის დარბაზები ვეღარ იტევდა ამა თუ იმ ღონისძიებაზე მისულ მაყურებელს, არც სცენები გახლდათ კონცერტისათვის სათანადოდ მოწყობილი და გაფორმებული. ასევე, შენობას არა მარტო ბევრი მაყურებელი უნდა დაეტია, არამედ ტექნიკურადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისიც უნდა ყოფილიყო. პარალელურად, ის ქალაქის ცენტრალურ ადგილას უნდა აეგოთ, რომ მოსახერხებელი და ადვილად მისადგომი ყოფილიყო თბილისის ყველა უბნისათვის. იმ დროს ლენინისა და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, 1928 წელს აშენებული კოოპერატორთა სახლი იდგა. 3-სართულიან სახლს “ალიონად” მოიხსენიებდნენ, რომლის არქიტექტორიც იაკუბოვიჩი გახლდათ.
ქიმიკოსი და თბილისის უნივერსიტეტის პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქუჩა ვაკისა და რუსთაველის მთავარ დამაკავშირებელ გზად ითვლება. მისი გაფართოება 1949 წელს დაიწყო. მოგვიანებით კი სწორედ აქ გადაწყდა მასშტაბური საკონცერტო დარბაზის აგებაც.
როდესაც ამ ადგილას საკონცერტო დარბაზის მშენებლობის საკითხი წამოიჭრა, “ალიონიდან” მობინადრეების გამოსახლება დაიწყეს. თბილისში ამბობენ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ღამ-ღამობით მხოლოდ ერთი ფანჯრიდან გამოდიოდა სინათლე. იქ მცხოვრები სანდრო ელიაძე დიდი ხნის განმავლობაში არ ტოვებდა ბინას, მაგრამ სხვა გამოსავალი რომ არ იყო, ბოლოს მაინც დანებდა.
შენობა დაანგრიეს და მის გარშემო ტერიტორია გაწმინდეს. ახლა რთულად ამოსაცნობია და მხოლოდ ძველ ფოტოებზეა შემორჩენილი ის ქუჩა და სახლი, სადაც გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ფილარმონიის მშენებლობა დაიწყეს….
საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 1961 წელს დაიწყო და 1971 წლის მაისში გაიხსნა, რომლის არქიტექტორიც ივანე ჩხენკელი გახლდათ.
როგორც ყოველთვის, ადგილმდებარეობამ შენობის მოცულობასა და სივრცით კომპოზიციაზე თავისი გავლენა მოახდინა. შეიქმნა ასიმეტრიულად განლაგებული ფართო საზეიმო კიბე, რომლის ბოლოს ხელოვნების თემაზე შექმნილი 8 მეტრიანი ფიგურა “მუზა” დაიდგა, რომლის ავტორი მერაბ ბერძენიშვილი იყო. შენობის ვესტიბიულის ინტერიერიც მხატვრულად, ელგუჯა და მერაბ ბერძენიშვილებმა გააფორმეს.
აღსანიშნავია იმ ადამიანების საქმიანობაც, რომლებმაც ფილარმონიის შენობის გამართვაში დიდი წვლილი შეიტანეს: ნაგებობის მთავარი ინჟინერი – ვ.იაკუბოვი; მთავარი კონსტრუქტორი – შ.გაზაშვილი; მთავარი ტექნოლოგი- ე.გალკინი; სამუშაოთა მწარმოებელი -რ.ტატიშვილი; კინო, რადიო და ტელეხედვის ტექნიკა ვ.გრეკოვმა დაამონტაჟა. დარბაზის დირექტორად კი ი.ტუსკაძე დანიშნეს.
დიდი საკონცერტო დარბაზი 2 ათას 500 მაყურებელზე იყო გათვლილი, თუმცა, საბოლოოდ, 2 ათას 317 მაყურებელი დაიტია. მცირე დარბაზი 662 მაყურებელს იტევდა. მცირე დარბაზი ძირითადად, სიმფონიური და კამერული ორკესტრებისთვის და კინოფილმების საჩვენებლად იქნებოდა განკუთვნილი, ხოლო დიდს უნივერსალური დანიშნულება დაეკისრა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა როგორც დიდი კონცერტებისა და თეატრალიზებული დადგმების, ასევე სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და 5 ენაზე სინქრონული თარგმანით უზრუნველყოფილი ყრილობების ჩატარება.
თბილისის სიმბოლოდ და სავიზიტო ბარათად ქცეული მრგვალი შენობა აგებულია რკინაბეტონის კონსტრუქციით და ძირითად ნაწილში შემინულია. მის ცილინდრისებურ სტრუქტურას საფუძვლად წრიული გეგმა აქვს. ქვედა სართული გარშემორტყმულია შავი მარმარილოთი მოპირკეთებული სვეტების მწკრივით. ბეტონის ძლიერი სარტყელი, რომელიც მოჩანს შემინულ ზედაპირზე, იმეორებს მძლავრი ბეტონის კარნიზის მოხაზულობას. შემინულ ცილინდრს, მოგვიანებით, მიადგეს კუბური მოცულობა, რომელიც მოყვითალო ფერის ქვის კარგად გათლილი კვადრებითაა მოპირკეთებული.
თუმცა სულ ახლახანს ინფორმაცია გაჟღერდა, რომლის თანახმადაც შესაძლებელია ფილარმონიას პირველობის სტატუსი დაეკარგოს. „ორბი ჯგუფი“ საბურთალოზე ფილარმონიაზე დიდი, 2500 ადამიანზე გათვლილი ივენთჰოლის აშენებას აანონსებს.
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სასტუმროების ჰაბის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება. „ცენტრალ პარკ თაუერსი“, 1500 ნომრიანი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბი იქნება. პროექტი შედგება ორი 42 სართულიანი თაუერისგან, რომელიც ერთიანდება 7 სართულიანი პოდიუმით, სადაც კომპლექსის ინფრასტრუქტურაა განთავსებული. კომპლექსს 3 მიწისქვეშა საპარკინგე სართული აქვს, რომელიც 400 ავტომანქანაზეა გათვლილი. როგორც კომპანიებში აცხადებენ, „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტი მსოფლიოს წამყვან პრემიუმ კლასის ბრენდებს გააერთიანებს.
„ცენტრალ პარკ თაუერსი“ 300 მილიონი დოლარის საინვესტიციო ღირებულების 5 ვარსკვლავიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსია. კომპანიის ინფორმაციით, 140 000 კვადრატული მეტრის ფართობის მეგა რეზორტში დაგეგმილია 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blu-ს, ასევე ცნობილი რესტორნების Chotto Matte-ს და Beefbar-ს გახსნა.
მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსდება საქართველოში პირველი მაღალი კლასის ბრენდების შოპინგ მოლი და ყველაზე დიდი კაზინო, საქართველოში ყველაზე დიდი ველნეს ცენტრი, პრემიუმ-კლასის ღია და დახურული აუზებითა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრით.
ამავე სივრცეში იქნება ინტეგრირებული რეგიონში ყველაზე მასშტაბური ივენთ ჰოლი, რომელიც ფილარმონიაზე დიდი იქნება.