ლეგენდა თუ სინამდვილე – ერთ-ერთი თბილისური სახლის თბილისური ისტორია
ჩვენი დედაქალაქის სიძველის, სილამაზის, სისპეტაკისა და მრავალი სხვა ეპითეტის გამოყენებით არაერთი ლექსი, ჩანახატი, პოემა და ნახატი შექმნილა
ჩვენი დედაქალაქის სიძველის, სილამაზის, სისპეტაკისა და მრავალი სხვა ეპითეტის გამოყენებით არაერთი ლექსი, ჩანახატი, პოემა და ნახატი შექმნილა. დიახ, ერთ დროს ეს ქალაქი თავისი უძველესი სახლებით, არაერთგზის გამხდარა პოეტებისა და მხატვრებისათვის შთაგონების წყარო.
დღესაც კი, ტურისტებისთვისაც ყველაზე მიმზიდველი ძველი თბილისია, თავისი დანგრეული, შელახული და წაშლის პირას მყოფი უძველესი სახლებითურთ. მიხვეულ-მოხვეული ლაბირინთები, ბარაკები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და თბილისური ახალი აღმოჩენები, ჩვენი ქალაქის სტუმრებისთვის დღესაც კი უფრო აღმაფრთოვანებელია.
თუმცა ეს ქალაქი თავის იერსახეს კარგავს, ძველს ახალი ანაცვლებს და არავინ იცის წლების შემდეგ რით წარმოვაჩენთ თავს – მაღალი კოშკურებით, შუშის შენობებითა თუ ძვირადღირებული კომპლექსებით? და ეს იმის ფონზე, როდესაც თბილისური ძველი იერსახე სრულიან წაშლის პირასაა, შენობა-ნაგებობები, რომლებიც ერთ დროს ადამიანებს შორის აღფრთოვანებას იწვევდა ინგრევა, ქვებით მოპირკეთებული აღმართი თუ დაღმართი იშლება, არტ-ნუვოს, ნეომავრიტანულისა და როკოკოს სტილის შენობებს ცათამბჯენები ანაცვლებს.
საბედნიეროდ დედაქალაქში ჯერ კიდევ შეხვდებით უძველეს შენობებს, რომლებსაც საინტერესო ისტორია აქვთ, თუმცა მათი დღევანდელი მდგომარეობა ცალკე განხილვის საგანია.
ისეთ ტურისტულ ქალაქებში, როგორებიცაა ბარსელონა, პრაღა, პარიზი ასეთ სახლებს უფრთხილდებიან, ტურისტულად მიმხიდველ ადგილებსა თუ შენობებს რესტავრაციას უკეთებენ და მათი დათვალიერება უმეტესწილად ფასიანიც კია. თბილისში კი, იგივე ამ ქალაქებთან შედარებით, პოსტაბჭოთა ქვეყნების დიდ ქალაქებზე რომ არაფერი ვთქვათ, მოხატულ სადარბაზოებიანი სახლების რაოდენობა, შეიძლება ითქვას, რეკორდულია, თუმცა მათი დროული რესტავრირება არ ხდება.
XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ევროპისა და ამერიკის ეკლექტიკურ არქიტექტურაში რეტროსპექტიული მიმართულება გახლდათ – ნეომავრიტანული სტილი, რომელიც შუასაუკუნეების ესპანური, პორტუგალიური, მავრიტანული და ისლამური ხუროთმოძღვრების არქიტექტურული მეთოდების, განსაკუთრებით მუდეხარის, გადაფასებასა და, ხშირ შემთხვევაში, იმიტაციაში გამოიხატებოდა. მას საფუძვლად უდევს ვესტგოტების, ბერბერებისა და არაბული ხალიფატის სხვა ხალხების მხატვრული ტრადიციების სინთეზი. ნეომავრიტანული სტილის პოპულარობა განპირობებული იყო აღმოსავლური საგნების მიმართ ზოგადი ინტერესის გაცხოველებით, ასევე არქიტექტორების სურვილით ესესხებინათ დეკორატიული ორნამენტების მოტივები ისტორიული წყაროებიდან, რომლებიც სცილდებოდა კარგად ნაცნობ კლასიკურ და გოტიკურ ფორმებს.
ნეომავრიტანული სტილის შენობას განეკუთვნება თბილისის ისტორიულ უბანში, ივანე მაჩაბლის #17-ში მდებარე სასახლეც, რომელიც ამდენი წლის შემდეგაც გულგრილს არავის ტოვებს.
სახლის, როგორც ექსტერირერი ისე ინტერიერი, თბილისის ოპერას მოგაგონებთ, თუმცა არ შეცდეთ, ეს „კალანტაროვების სახლია“. შენობა ნეომავრიტანული სტილის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო XIX – XX საუკუნეებში საქართველოში. ესპანური და პორტუგალიური სტილისტიკის კომბინაცია ბერბერულ მოტივებთან ერთად სახლს საოცარ იერს ანიჭებს. სასახლე ჰგავს ოპერისა და ბალეტის თეატრს თბილისში, ასეთი მსგავსება ასოცირდება კალანტაროვის ოჯახის ლეგენდასთან.
გადმოცემების მიხედვით, ის წარმოშობით სომეხმა, თბილისელმა მეწარმემ, მიხეილ კალანტაროვმა თავის ბალერინა ცოლს 1908 წელს აუშენა. ნეომავრიტანული სტილის შენობა, არქიტექტორ ლაზარ სარქისიანმა დააპროექტა და ლეგენდის თანახმად, თბილისის ოპერას მიზანმიმართულად დაამსგავსა,რადგან: კალანტაროვის ახალგაზრდა ბალერინა მეუღლეს მომავალი ქმრისათვის უთქვამს – „ცოლად იმ შემთხვევაში გამოგყვები, თუ თბილისის ოპერის მსგავს სახლს ამიშენებო.“ ჰოდა, მილიონერმაც არ დააყოვნა და ფოტოებიც მოწმობს, რომ პირობა ნამდვილად შეუსრულებია.
კალანტაროვების გვარი იმითაც შემორჩა ისტორიას, რომ მათთან ოჯახში ცნობილ ქართველ მხატვარს, გენიოს ნიკალას, იგივე ნიკო ფიროსმანს უცხოვრია.
კალანტაროვის სახლს ორი შესასვლელი კარი აქვს, ორივე დაკეტილია: პირველი მაჩაბლის ქუჩის #17-დან მდებარეობს, რომელიც თავისი ძვირადღირებული შესასვლელით გაგაოცებთ. მდიდრულად მოჩუქურთმებულ თაღოვან კარს კი მარმარილოს კიბესთან მივყავართ. სახლის ინტერიერი საოცარია, რადგან აქ არსებული აღმოსავლური ატმოსფერო ყველა დეტალში იგრძნობა.
მოხატული ჭერი და XX საუკუნის სარკე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, კედლებზე არსებული ნიმუშები კი კვლავ ინარჩუნებს ფერებისა და საღებავების სიკაშკაშეს. ვიწრო ბუნებრივი ფანჯრის ჩარჩოები ანტიკური საკეტებით, მზერას იზიდავს. შენობის ხის რეკონსტრუქციამ მხოლოდ დაამშვენა და აღადგინა კალანტაროვის სახლის ყოფილი სიდიადე.
აქ მოხვედრილი სტუმრები სახლის ფასადზე ამოტვიფრულ წარწერებს ათვალიერბდნენ და ხუმრობდნენ – „არაბული ან სპარსული ზღაპრებიდანაა ფრაზები?“, თუმცა სადარბაზოში შესვლისთანავე რწმუნდებოდნენ, რომ ნამდვილად აღმოსავლურ ზღაპარში მოხვდნენ.
რაც შეეხება მეორე შესასვლელს, რომელიც ასათიანის ქუჩიდან მდებარეობს – მას რკინის კარი იცავს.
ერთ დროს სახლის ეზოში შესვლისთანავე კვიპაროზებით მორთული ბაღი დაგხვდებოდათ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სახლი ნაამბობსა და ლეგენდებზეა აგებული კვიპაროზებსაც თურმე თავისი დანიშნულება ჰქონიათ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ყოველი ბავშვის დაბადების შემდეგ კალანტაროვი საკუთარი ეზოს ტერიტორიაზე ხეს რგავდა, ამიტომ მათმა რაოდენობამ თავის დროზე ექვსს მიაღწია, თუმცა ხეების რაოდენობა დროთა განმავლობაში შემცირდა.
ასევე, შენობის პირველ სართულზე შემოქმედებითი ადამიანებისთვის ხელოვნების კლუბია სახელწოდებით – „ფიროსმანი”.
კალანტაროვების ცნობილ სახლს 2014-2015 წლებში სრული რესტავრაცია ჩაუტარდა და ახლა მთელი თავისი დიდებულებით მასპინძლობს მნახველებს.
ასე, რომ კალანტაროვების სახლი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან სახლებთა შორის, რომლებსაც თბილისში უამრავ ადგილას მიაგნებთ. უმეტესობა მათგანი მდიდარია თავისი მორთულობით, არქიტექტურით, საინტერესო ლეგენდებითა და მითებით, რომლებიც ამ ქალაქში გასეირნებას კიდევ უფრო იდუმალს და საინტერესოს ხდის.