21 მარტს თბილისში რესპუბლიკის მოედანზე დიდ ეკრანზე გულშემატკივრები ეროვნული ნაკრების თამაშის ნახვას შეძლებენ
საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის ნახვას გულშემატკივარი 21 მარტს თბილისში რესპუბლიკის მოედანზე დიდ ეკრანზე შეძლებს
21 მარტს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა. ინფორმაცია თბილისის მერმა გაავრცელა. მისი თქმით, საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის ყველა ბილეთი გაიყიდა. შესაბამისად, გულშემატკივარს, რომელსაც დასასწრები ბილეთი არ შეხვდა, თამაშის ყურება სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე შეეძლება.
„როგორც იცით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ორი შეხვედრა აშორებს. 21 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ლუქსემბურგთან შეხვედრა გაიმართება. ჩვენი ქვეყნისთვის, ფეხბურთისთვის, ეროვნული ნაკრებისთვის და გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება.
ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს დაიწყო და ზუსტად 24 საათში მთლიანად გაიყიდა. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი, ამ შეხვედრას დასწრებოდა, თუმცა ფიზიკურად სტადიონი ამაზე მეტ მაყურებელს ვერ იტევს. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი გულდაწყვეტილი დარჩა. შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან მქონდა საუბარი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთოთ დიდი ეკრანი, სადაც გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, აღნიშნულ შეხვედრას პირდაპირ ეთერში უყუროს. გარდა ამისა, ბავშვებისთვის სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, ასევე კვების ობიექტები იქნება განთავსებული. მესმის, რომ სტადიონზე ყოფნა სხვა რეალობაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ „დინამო არენაზე“ ყველა ვერ დაეტევა, დედაქალაქის მერია ფედერაციასთან ერთად, გულშემატკივრისთვის დიდ ეკრანს მოაწყობს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება.