ივლისიდან 50 კვ.მ-ზე მეტი შენობები მხოლოდ ენერგოეგფექტური სტანდარტებით აშენდება
სამშენებლო და დეველოპერული სექტორი ახალი რეგულაციისთვის ემზადება.
სამშენებლო და დეველოპერული სექტორი ახალი რეგულაციისთვის ემზადება. 1 ივლისიდან, ძალაში შედის ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. მთავრობის შესაბამისი დადგენილება განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს მაგალითად, შენობის კონსტრუქცია, სახურავი, კედლები და კარ-ფანჯრები.
სამშენებლო ნებართვის გაცემისთვის დეველოპერებმა უნდა წარადგინონ შესაბამისობის დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტები გასცემენ სამშენებლო ნებართვას, ხოლო მშენებლობის განხორციელების ეტაპზე, ჩაერთვებიან ზედამხედველობის სამსახურები ან აკრედიტირებული კომპანიები, რომლებიც ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებენ. მათ ვალდებულებაში იქნება შეამოწმონ მშენებარე შენობა არის თუ არა თანხვედრაში იმ დოკუმენტაციასთან, რომელიც წარდგენილია სამშენებლო ნებართვის გაცემისას.
ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების შემოღების შემდეგ ეტაპზე შენობებს ენერგო კლასები მიენიჭება. ეკონომიკის სამინისტრო უკვე მუშაობს შენობების ენერგომახასიათებლობის სერტიფიცირების წესებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა, რომელიც შევა ექსპლუატაციაში, მას უნდა გააჩნდეს ენერგო სერთიფიკატი, თუ რომელ ენერგო კლასს მიეკუთვნება ის.
ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ენერგო კლასისი სერთიფიკატის წარდგენა სავალდებულო იქნება შენობის ან ფართის გაყიდვა/გაქირავების შემთხვევაშიც.