ძველი, პატარა სახლის იდეალურად გარდაქმნა თანამედროვე საცხოვრებლად – საინტერესო პროექტი ქიაჩელის ქუჩიდან
ძველ თბილისში, იშვიათად შეგხვდებათ სახლები დიდი სივრცით, ძირითადად პატარა საცხოვრებლებია, მაღალი ჭერით, რაც ინტერიერის გათანამედროვებაში მთავარ როლს თამაშობს. ასეთ სახლებში შესაძლებელია ანტრესოლის მოწყობა, რაც დამატებით სივცეს ჰქმნის. სწორედ ასეთ პროექტზე ვისაუბრებთ, რომლის ინტერიერიერში ყველა კვადრატული იდეალურადაა გამოყენებული.
პროექტის შესახებ ინფორმაციას, homies.ge გვაცნობს. გამოცემის თანახმად, ძველი საცხოვრებელი 28 კვადრატული იყო, თუმცა ანტრესოლის დამატებამ საცხოვრებელი ფართი 45 კვადრატამდე გაზარდა. საბოლოოდ კი მასიურმა კიბემ, მაღალმა ჭერმა, დიდმა ვიტრაჟებმა და ჭერში დამონტაჟებულმა ფანჯრებმა სივრცე ვიზუალურად გაზარდა და ბინამ ნათელი, მყუდრო სახე მიიღო.
ბინაში შემოსასვლელი და მისაღები ზონა გაერთიანებულია. თავის მხრივ, მისაღები სივრცე სამ მთავარ ნაწილად — მოსასვენებელ, სამზარეულო და სასადილო კუთხეებად იყოფა. ფართის სიმცირის მიუხედავად, ავეჯის საშუალებით ოთახი ფუნქციურ ზონებად იდეალურად არის დაყოფილი და მასში ერგონომიული მოსახერხებელი სივრცე იქმნება.
ინტერიერი საკმაოდ სადა და მსუბუქია და მასში აქტიურად გვხვდება ხის მასალა. იატაკი სამ-შრიანი ხის პარკეტით არის მოპირკეთებული, კედლები კი თეთრადაა შეღებილი, ფერები კი ავეჯისა და აქსესუარების საშუალებით შემოდის.
აქვე გვხვდება სასადილო მაგიდა ვარდისფერი სკამებით, რომლებიც ინტერიერს სინაზესა და სასიამოვნო შტრიხებს სძენს.
სააბაზანო ცისფერი ფილით არის მოპირკეთებული და საკმაოდ კომპაქტურად არის მოთავსებული მცირე ფართობის მქონე სივრცეში.
პატარა სივრცის მიუხედავად, პროექტის ავტორებმა შეძლეს და ბინა ყველა საჭირო ინვენტარითა და ფუნქციური ზონით აღჭურვეს. შედეგად, საცხოვრებელი კომფორტული და მყუდრო გამოვიდა და მობინადრეების ყველა საჭირო მოთხოვნა დააკმაყოფილა.