ძველ თბილისში სახლების რეაბილიტაცია ფერხდება?
აბო თბილელის და საიათნოვას ქუჩებზე მცხოვრებმა ადამიანებმა კუთვნილი სახლები 2018-19 წლებში დატოვეს, თუმცა ამ დრომდე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მოლოდინში არიან.
გუდიაშვილის, უჩის მცხოვრებლები kalaki.ge-სთან საუბრისას განმარტავენ, რომ ფართების კლება, არასწორი პროექტირება და ხელშეკრულების დარღვევა, ესაა სწორედ იმ ბრალდებების ჩამონათვალი, რომელიც გუდიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს თბილისის განვითარების ფონდთან აქვთ.
” რამდენიმე წელია ველოდებით, საკუთარი სახლების რეაბილიტაციას, პროექტში რამდენჯერმე იყო ცვლილება, თუმცა ჩვენ რა დავაშავეთ სახლებში, რომ ვერ ვბრუნდებით და რაც მთავარია უწყებისგან განმარტებას ვერ ვიღებთ.”- განმარტა გუდიაშვილის ქუჩის მაცხოვრებელმა ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება აბო თბილელის 4 ნომერს, ხელშეკრულებით სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები 2022 წლის 30 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა შეთანხმების დოკუმენტში ცვლილებებით ახალი ვადა ახლა 2023 წლის 31 მაისია.
აღსანიშნავია, რომ თბილისის განვითარების ფონდში ადგილობრივების ბრალდებებს არა სწორად მიიჩნევენ.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ადგილობრივებს განახლებული უფრო ძვირადღირებული სახლები დაუბრუნდებათ.
“თუ მათი საცხოვრებელი ფართის ღირებულება პირობითაც ვამბობ, იყო 100 დოლარი დღეს მათ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ახალი გარემონტებული მოწესრიგებული ფართები, რომლის ღირებულება 4-5-ჯერ მეტი იქნება.”-აცხადებს კახა კალაძე.
როგორც თბილისის განვითარების ფონდში განმარტავენ, გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 ობიექტის რეაბილიტაციაზე 2.5 მლნ ლარია დახარჯული. ჯამში ამ ტერიტორიაზე განახლება/რეაბილიტაციისთვის 17 252 854 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.