წესები ძაღლების პატრონებისთვის – თბილისის ქუჩებში საინფორმაციო დაფები გააკრეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაქალაქის მასშტაბით, რამდენიმე მისამართზე, ძაღლების გასეირნებასთან დაკავშირებული საინფორმაციო დაფები განათავსა.
07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება, ნებადართულია, მხოლოდ მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით. ხოლო, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში ნებადართულია: მოკლე საბმელით ან საბმელითა და ალიკაპით ან მხოლოდ ალიკაპით საბმელის გარეშეც.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელითა და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, პატრონი ვალდებულია: ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის
დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი დასუფთავება, განახორციელოს ცხოველის რეგისტრაცია,
უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან საჭდით და ყელსაბამით;
იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და მის კეთილდღეობაზე, უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება და დაწყურვება, ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება. ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა, სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა.
უზრუნველყოს საკუთრებაში არსებული ნარევი (მეტისი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა ქირურგიული (სტერილიზაცია/კასტრაცია), ან სხვა, ცხოველისათვის უვნებელი, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდით.
დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება. აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა!
აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით.