“დროის ნაწნავები”- რა შინაარსის მატარებელია თბილისში ყველაზე განხილვადი პროექტი
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის ახალ პროექტს თბილისში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრმა მისი შინაარსი ვერ აღიქვა და ვერც ის გაარკვია, რისი თქმა სურდა "დროის ნაწნავების" ავტორს. ახალი ქანდაკება ზაალბრიუკენის მოედანზე დაიდგა. გთავაზობთ უკვე ცნობილი ქანდაკების ფოტოებს, რომელიც თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის პროექტის გამარჯვებულია.
ქანდაკების ვატორი, გიორგი ხანიაშვილია. „დროის ნაწნავები” წარმოადგენს სამ მეტრამდე სიმაღლის ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილ მონოლითურ ქანდაკებას. ქანდაკება გამოსახავს ქალის ფიგურას, რომელსაც თმები ტანზე აქვს შემოხვეული. ქალის სხეული მასზე დახვეული თმებითაა შეფუთული და ფეხებისკენ თმები ფესვების ფორმას იღებს.
“ჩვენი შეხვედრა ანტიკურ კულტურასთან არგონავტების მითით, კერძოდ კი მედეას სახით იწყება. მოგვიანებით ელინისტური კულტურა ქრისტიანობის სახით შემობრუნდა ჩვენსკენ და ეს შეხვედრა ახლაგაზრდა ქალის თმის ნაწნავებით იყო შეკრული და გადაბმული. თმის ნაწნავები ვაზის ორნამენტად შემოერტყა არა მარტო ქვის ფასადებს, არამედ ვიზუალურ და შინაარსობრივ-მსოფლმხედველობრივ გარე სამყაროს, რომელშიც ჩვენი კულტურა ცხოვრობს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული კულტურა ყოველთვის იყო ცივილიზაციათა გადაკვეთაზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ჩვენი შეხვედრა ანტიკურ კულტურასთან, განსაკუთრებით მის ქრისტიანულ ტრანსფორმაციასთან საკვანძო გამოდგა. მასთან დიალექტიკურ ურთიერთობაში ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა, რომელიც დღემდე განსაზღვრავს ქართულ კულტურას და მის სახეს.”-ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ აღწერაში.