“დიღმის ჭალები” – პროექტი, რომელიც რამდენჯერმე დაკორექტირდა საბოლოოდ მოსახლეობასთან ერთად განიხილება – რა კრიტიკული ნაწილი აქვს მასშტაბურ პროქტს
1 აპრილს, 11 ს/თ-ზე "მწვანე ალმასის" შეხვედრების სივრცეში პროექტის" დიღმის ჭალების" განხილვა მუნიციპალიტეტსა და საზოგადოებას შორის გაიმართება, სადაც მასშტაბური პროექტის შესახებ საბოლოო ვერსიას, მუნიციპალიტეტი მოსახლეობას გააცნობს. შეხვედრას დისკუსიის სახე ექნება.
პროექტის შესახებ საზოგადოებამ ჯერ კიდევ 2015 წელს მაშინდელი მერისგან დავით ნარმანიასგან შეიტყო. 2019 წელს კი კახა კალაძემ თბილისელებს ერთ-ერთ პრეზენტაციაზე, განუცხადა, რომ “დიღმის ჭალები” გეგმის მიხედვით უკვე გაწერილია. „ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა და მოსახლეობამ, რათა არსებული მდგომარეობა გამოვასწოროთ. გარკვეული რეგულაციები შემოვიღეთ, გავამკაცრეთ მიდგომა სამშენებლო მიმართულებით. ასევე, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მწვანე სივრცეების შექმნას. არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა ჩვენი მხრიდან მწვანე სივრცეების ხარჯზე, სპორტული მოედნების ხარჯზე და ასე შემდეგ.
ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ შევქმნათ ძალიან ბევრი მწვანე სივრცე. გენერალურ გეგმაშიც გაწერილია, რომ აუცილებელია საქალაქო პარკების მშენებლობა და ერთ-ერთი მათგანი სწორედ დიღმის ჭალების პარკია. 11 მილიონზე მეტი ჯდება ამ პროექტის განახორციელება და მას 2019 წელს დავიწყებთ. პროექტი უკვე არსებობს და უახლოეს დღეებში უკვე გამოვაცხადებთ მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას“, – განაცხადა კახა კალაძემ 2019 წელს.
თუმცა მას შემდეგ აღნიშნული გეგმა “დიღმის ჭალების” შესახებ რამდენჯერმე დაკორექტირდა, რაშიც მონაწილეობას დედაქალაქელებიც იღებდნენ.
როგორც ირკვევა ახალი, მწვანე პარკის საბოლოო ვერსია შედგა და ახლა საჭიროა ადგილობრივებმა ის დასაწყისშივე ნახონ, რათა მასშტაბური პროექტის მიმდინარეობისას არ იყოს პასუხგაუცემელი კითხვების სერია.