დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მძღოლები, ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში შესაძლოა 1000 ლარით დაჯარიმდნენ
დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული საურავები კიდევ იზრდება. ჯერ კიდევ მოქმედი ნორმით, აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარს შეადგენს.
მმართველი გუნდის ინიციატივით, პარლამენტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებები განსახილველად არის წარდგენილი, რომლის თანახმადაც, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.
კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: – საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები; ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.