ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება – როდის და რომელ ქალაქებში დაიწყება განაცხადების მიღება?
თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 14 ნოემბრიდან დაიწყება.
დედაქალაქში ბინის მისაღებად, განაცხადის გაკეთება იმ დევნილ ოჯახებს შეეძლებათ, რომლებიც თბილისში, 2013 წლის 1 ივნისამდე არიან რეგისტრირებულები. ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში კი, განაცხადის გაკეთება, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
განაცხადები, საქართველოს მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში, მომავალი წლის 1 თებერვლამდე მიიღება.
აქვე გეტყვით, რომ დევნილთა განსახლების პროექტის ფარგლებში, 2023-2025 წლებში, საცხოვრებლით 13 000-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონ ლარს შეადგენს.