იძულებით გადაადგილებული პირები მუდმივი საცხოვრებლის მოლოდინში
დევნილები - ადამიანები, რომლებმაც ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყეს...
ომის შემდეგ მათი გზა არაერთგვაროვანია. იძულებით გადაადგილებული პირები ყოველდღიურად იმის მოლოდინში არიან, რომ საკუთარ ადგილს ამ ქვეყანაში დაიმკვიდრებენ და იმ თბილ ბუდეს, რომელსაც წლები ნატრობენ, ოდესმე მიიღებენ. მანამდე კი ერთი პრობლემის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ქარხნებში, სასტუმროებში, სანატორიუმებში, საავადმყოფოებსა და სახელმწიფოს კუთვნილ სხვა საჯარო შენობებში სახლდებიან, რადგან მათ დღეს წასასვლელი არსად აქვთ.
ძველი მოგონებების შენარჩუნებისა და შექმნის მცდელობები თითქმის ყველა მათგანის სახლშია. იმის მიუხედავად თუ როგორ პირობებში უწევთ იძლებით გადაადგილებულ პირებს ცხოვრება, ისინი მაინც ახერხებენ გარკვეული ვიზუალური მახასიათებლების გადმოტანას არსებულ საცხოვრებელ სივრცეებში.
დევნილები დაკავებულ ფართებში წლებია აცოცხლებენ მოგონებას, რაც მათ წარსულს უკავშირდება. მოგონებად შემორჩენილი, ძირეული სახლიდან წამოღებული, თუნდაც უმნიშვნელო ნივთები – ეს იქნება გასაღები, რომელიც სახლის დატოვების შემდეგ თან წამოიღო, იმ იმედით, რომ რამდენიმე დღეში უკან დაბრუნდებოდა და გააღებდა ყველა ჩაკეტილ ოთახს; სურათი, რომელზეც აღბეჭდილია მათთვის უმნიშვნელოვანესი წლები; კედელზე განთავსებული ჩარჩოში ჩასმული სოხუმის სურათი; მეგობრებისა და ნათესავების ფოტოები, რომლთაგან ზოგიერთი მათგანი აღარც არის; და სხვა წვრილმანი ნივთები, რომელთა გადმოტანა დევნილებმა, ომის პირობებში მოახერხეს. ზოგიერთ მათგანს კი ეს მცირედი „ფუფუნებაც“ კი აღარ შემორჩა.
სხვის სივრცეებში ცხოვრებისგან გამოწვეულ გაუცხოების შეგრძნებას ეს ადამიანები ომამდელ ცხოვრებაში არსებული პრაქტიკების გადმოტანით ცდილობენ. ისინი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ გარე სივრცეების მოწყობასა და საკუთარ დღევანდელობას საკმაოდ სენსიტიურად აღიქვამენ, რაც ბუნებრივიცაა.
ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც კვლავ ახსოვთ საკუთარი სახლის არქიტექტურა, ეზოები, სახლური გარემო, იქ გატარებული თითოეული წუთი.
29 მაისს Kalaki.ge-ს მოქალაქე დაუკავშრდა. ირინა კოტუა გვწერდა, რომ ჭავჭავაძის 49 ნომერში, სპორტის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლით დავინტერესებულიყავით და გავსაუბრებოდით
დევნილებს, რომლებიც 30 წელიწადია ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ქალბატონი ირინა წერდა იმასაც, რომ ადგილზე ცხოვრობს, დევნილთა 33 ოჯახი, რომელთა ბედიც ფაქტობრივად, ჰაერში ჰკიდია.
ჩვენ დავინტერესდით აღნიშნული საკითხით და გავარკვიეთ, რომ 1993 წლის დეკემბრიდან ამ კორპუსში დევნილები ცხოვრობენ. ირინა კოტუა 52 წლისაა. ის 1993 წლიდან დევნილია, იმ დროიდან, როდესაც ოჩამჩირის რაიონში სახლ-კარის მიტოვება მოუწია. გვეუბნება, რომ 30 წელი ისე იცხოვრა ამ შენობაში, რომ სახელმწიფოს მკაფიო კრიტერიუმები განსახლებაზე არ ჰქონია.
„30 წელია ამ ლოკაციაზე ვცხოვრობთ. სამასხურები, სკოლები, ბაღები… ადაბტირებულები ვართ. ამ ხნის განმავლიბაში არცერთი ინსტანცია ჩვენით არ დაინტერესებულა, არ შემოგვშველებია დანგრეული, უკარ-ფანჯრო შენობის რეაბილიტაციაში, რომელიც ფაქტიურად კეთილმოწყობილ ფართებად ვაქციეთ. შემოვიყვანეთ გაზი, დავაყენეთ მრიცხველები, გავარემონტეთ სადარბაზოები და ფართები. მოვიწყვეთ ადამიანური საცხოვრებელი ფართები, ზოგმა პატარა, ზოგმა შედარებით დიდი.
სექტემბერში 2-ჯერ იყო დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი და ჩაატარა აღწერა. აი, იქ დავეჭვდით და პირადად თვალ-ყური მივადევნე აუქციონს, სადაც აღმოვაჩინე, რომ ტერიტორია სხვისდებოდა და ასეც მოხდა. 8 დეკემბერს გაიყიდა ისე, რომ არცერთმა ჩვენგანმა არაფერი არ ოცოდა, რომ არა ჩემი დაინტერესება აუქციონით.
მოკლედ, დაგვიბარეს სააგენტოში და გაგვინაწილეს კუთვნილი კვადრატულობა. 3-4 წევრიან ოჯახებს-60კვ.მ, 1-2 წევრიანს – 40კვ.მ, სადაც არ გაითვალისწინეს არც შვილთა ასაკი და არც გენდერი. შემდეგ შემოგვთავაზეს 600 დოლარი კვადრატულში და ინვესტორმა 500 დოლარი… ჯამში 1100 დოლარი. რა თქმა უნდა ერთი შეხედვით ბევრია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პატარა ფართების ბინები ძალიან ძნელია ვიშოვოთ და მით უფრო ფაქტიურად ვერც ვეტევით, შემოთავაზებაზე მაცხოვრებელთა 70-მა პროცენტმა უარი ვთქვით. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ კორპუსში დარჩენილი მობინადრეები ხელს არ ვუშლით და 2025 წლამდე შეგვიძლია ვიცხოვროთ ამ შენობაში. შემდგომ კი თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილთათვის აშენებულ ბინებში გადაგვიყვანენ“, – აცხადებს ირინა კოტუა.
ქალბატონი ირინას თქმით, აღნიშნულ კორპუსებში ალტერნატიულ ფართებში გადასვლაზე აქ მცხოვრები დევნილები კატეგორიულ უარს აცხადებენ. ისინი 1კვ.მ-ზე 1 300-დან 1 600 დოლარამდე მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვაკეში ფართით დაკმაყოფილებას.
2023 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის 2 400 ბინის მშენებლობა დაიწყო. ჯამში, 11 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსი აშენდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები 2025 წლის ბოლოს გადაეცემათ. მშენებლობის ბიუჯეტი – 243 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მშენებლობის დაწყებას ირაკლი ღარიბაშვილი, ზურაბ აზარაშვილი და სამშენებლო კომპანია „ანაგის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი დაესწრნენ და პროექტის დეტალებზე ისაუბრეს. დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით ბინების მშენებლობა კი სამშენებლო კომპანია „ანაგმა” დაიწყო.
როგორც ცნობილია პროგრამა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. 2025 ბოლომდე ახალი საცხოვრებელი, იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. 7 000-მდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6 000 ოჯახი კი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება.
„ეს არის იმ დაპირების ნაწილი, რომელიც წინა წელს, ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო დევნილი მოსახლეობის მიმართ და 13 000 დევნილ ოჯახს, რომელიც ყველაზე უფრო მძიმე და გაუსაძლის პირობებში დროებით დღეს ცხოვრობს, მათ გადაეცემა საცხოვრებელი. მომდევნო 2 წლის განმავლობაში მათ სრულად დავაკმაყოფილებთ.
აქვე, მნიშვნელოვანია ის, რომ გასულ წელს, იყო პირველი რეკორდული წელი დევნილებისთვის ბინების გადაცემის თვალსაზრისით, 3500-ზე მეტი ბინა და საცხოვრებელი სახლი გადავეცით დევნილებს. ბოლო 30 წლის განმავლობაში, იყო პირველი წელი, როდესაც ასეთი შედეგი დაფიქსირდა. რა საკვირველია, ასეთი მასშტაბებიდან გამომდინარე, მიმდინარე მშენებლობებიდან და ტემპიდან გამომდინარე რაც გვაქვს, მომდევნო წლები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის ადგილზე კაფსულის ჩადების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, ბინები თითქმის 30 000 დევნილ ოჯახს, ჯამში კი დაახლოებით, 100 000 ადამიანს გადაეცა.
„ჩვენ დავიწყეთ დევნილებისთვის ბინების მშენებლობის ძალიან მასშტაბური პროექტი. თქვენ ახლა ხედავთ უკვე მიმდინარე სამუშაოებს. აქ არის გამოყოფილი შვიდი ჰექტარი. სახელმწიფომ გამოყო ეს მიწა და 245 მილიონ ლარამდე იხარჯება, 11 კორპუსი აშენდება, 2400 ბინას ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი. 2400 ოჯახს გადაეცემა აქ ბინები და სამუშაოები დასრულდება დაახლოებით ორ წელიწადში, 2025 წლის ბოლომდე მაქსიმუმ, შესაძლოა მანამდეც დასრულდეს. ამ მასშტაბური პროექტის გარდა, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, ჩვენ დავიწყებთ ზუგდიდში ასევე მასშტაბურ პროექტს. იქ არის 1700 ბინაზე გათვლილი პროექტი, იქაც არის მასშტაბური სამუშაოები განსაზღვრული. ჩატარებულია ტენდერი და სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. ქუთაისში დავიწყეთ ანალოგიურად, – 700 ოჯახზე არის გათვლილი პროექტი. რუსთავში 800 ოჯახზე იქნება გათვლილი პროექტი და ბორჯომში 150 ოჯახზე იქნება სამუშაოები დაწყებული. ჯამურად, თითქმის 7000-მდე ოჯახი მიიღებს ამ ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და, ჯამურად, თითქმის 700 მილიონ ლარამდე ამ ორი-სამი წლის განმავლობაში. იცით, რომ დევნილებისთვის ძალიან ბევრი ასეთი პროექტი განვახორციელეთ, რაც ხელისუფლებაში მოვედით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წელს უკვე 1000 ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები, ასე რომ, ამ მიმართულებით ქვეყანა ძალიან კარგი ტემპებით მიდის.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ჩვენი დაბრუნება აფხაზეთსა და ცხინვალში. ეს ყველაფერი ჩვენს დევნილებს დარჩებათ საკუთრებაში, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა, მიზანი უნდა იყოს ჩვენი დაბრუნება აფხაზეთში და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ამიტომ, ყველაფერი, რაც დაგვაახლოებს ამ დიდ საერთო ეროვნულ მიზანთან, ეს ყველაფერი არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა და მთავარი გასაკეთებელი საქმე. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ზურა აზარაშვილს, მის გუნდს, ძალიან აქტიურად დაიწყეს ამ სამუშაოების განხორციელება, ტენდერები ჩატარებულია, აუქციონები, გამოცხადებულია გამარჯვებულები, ძალიან მაგარი კომპანიები და ჩვენს დევნილებს მალე გადაეცემათ ძალიან კომფორტული საცხოვრებელი ფართები“, – აღნიშნა პრემიერმა.