დელისზე მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება-რამდენჯერმე შეჩერებული პროექტი ისევ გააქტიურდა
თბილისის ცენტრში, საბურთალოზე დელისის მეტროს მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება კვლავ აქტუალური საკითხი გახდა.
კომპლექსის ასაშენებლად არსებული პროფკავშირების შენობის დემონტაჟი განხორციელდება, გეგმარებითი დავალება საკრებულოსთან უკვე შეთანხმდა, შეთანხმებულია ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმაც . პროექტის მიხედვით, პროფკავშირების ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი, კომერციული და სხვა ტიპის დაწესებულებების მოწყობა განიხილება.
ტერიტორია სადაც ახალი შენობა უნდა აშენდეს 15 254 კვადრატული მეტრია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი პროექტის მიხედვით პროფკავშირების შენობის დემონტაჟი მოხდება მასზე არსებული მოზაიკა შენარჩუნდება.
შეგახსენებთ, რომ დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის განვითარება ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, თუმცა მალევე შეჩერდა.
ახალი პროექტის დამკვეთი კომპანია შპს „დელისი დეველოპმენტია”, რომელიც როგორც ირკვევა, ტერიტორიის მესაკუთრეებს მის განვითარებაში ეხმარება. როგორც ცნობილია, შპს „დელისი დეველოპმენტის“ 100%-იან წილს გიორგი ყავლაშვილი ფლობს.