დედაქალაქის სატრანსპორტო გეგმა-რაზე მუშაობს თბილისის მერია და რა პროექტები იგეგმება გზებზე

კახა კალაძის განცხადებით, დანიური კომპანია „რამბოლის“ მიერ თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს.

დედაქალაქის სატრანსპორტო გეგმა-რაზე მუშაობს თბილისის მერია და რა პროექტები იგეგმება გზებზე

დედაქალაქის მერის ინფორმაციით მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი გულისხმობს სადგურის მოედნის განახლებასა და საავტომობილო კავშირის შექმნას, რომელიც პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა და რეფორმა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით ახორციელებს. გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები და პროცესი მიმდინარეობს. თბილისის მერიის დაკვეთითა და აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით, დანიურმა კომპანია „რამბოლმა“ სამი წლის განმავლობაში იმუშავა თბილისის სატრანსპორტო გეგმაზე. სამუშაოები დასრულდა და წარმოდგენილია დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც შეიცავს რიგ სარეკომენდაციო ხასიათის პროექტებსა და ღონისძიებებს, რომელთა მიზანია დედაქალაქში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარება 20-წლიან პერსპექტივაში. შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითად, ასეთია თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის პროექტი, რომლის ფარგლებში ეწყობა საავტობუსო ინფრასტრუქტურა და შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც ეტაპობრივად მიეწოდება დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ

გარდა ამისა, მისი განცხადებით, ეწყობა ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც შეამცირებს გადაადგილების დროს როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის.