“დედაქალაქის ფილტვები” ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა
ჩემი ქალაქი, ჩემი გულისტკივილი - მტკივა ყოველი მისი დანგრეული შენობა, დანაგვიანებული ეზო.
ჩემი ქალაქი, ჩემი გულისტკივილი - მტკივა ყოველი მისი დანგრეული შენობა, დანაგვიანებული ეზო. მტკივა, როდესაც იცრიცება თბილისის პეიზაჟები, გოგირდის აბანოები და ისტორიული ნარიყალა, თბილისური ისტორიული მემკვიდრეობა და ქალაქის თანამედროვეობა. მტკივა, როდესაც ცუდად ეხებიან ჩემი ქალაქის წარსულსა და აწმყოს, ძველსა და თანამედროვე არქიტექტურას და ეს გულისტკივილი მუდმივად დამდევს, რადგან თბილისში უამრავი პრობლემაა, რომელსაც მოგვარება სჭირდება. მოუგვარებლად იქცა „დიღმის ჭალების“ მოწესრიგების საკითხიც.
„დიღმის ჭალები“ თბილისის ჩრდილოეთით, დიდ დიღომში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ის ჭარბტენიანი ტერიტორიების ერთ-ერთი წარმომადგენელია და მისი არსებობა თბილისისთვის დიდი ბუნებრივი საგანძურია. ეს ჭალები არამხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი ცხოველისთვის, მათ შორის, წითელ წიგნში შეყვანილი წავებისთვისა და კუებისთვის, ბერნის კონვენციით დაცული ცისფერი ალკუნისთვისა და ყანჩებისთვის, არამედ ქალაქს იცავს წყალდიდობისაგან და ასუფთავებს წყალს. ჭალის ტყეები, მდინარის კალაპოტიდან გადმოსულ წყალს ისრუტავს, რითიც წყალდიდობის პრევენცია ხდება.
თუმცა დღეს „დიღმის ჭალები“ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. წიაღისეულის უკანონო მოპოვება, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვით დაბინძურება და სხვა მრავალი რამ უქმნის საფრთხეს, ამ უნიკალურ ადგილს. ექსპერტების აზრით, ჭალების 2/3 უკვე განადგურებულია, ხეების ფესვები გაშიშვლებულია, საკვების გარეშეა დარჩენილი და გახმობა ემუქრება. ასევე, მტკვარში ჩაყრილია ნარჩენები, რომელიც შესაძლებელია კანცროგენული იყოს.
დიღმის ჭალების ურბანული განვითარება 2015 წლიდან დაიწყო. აშენდა ოლიმპიური სოფელი და საცხოვრებელი კორპუსები.
2015 წელს, თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებდა, რომ ჭალებში ყველაზე დიდი პარკი აშენდებოდა. თუმცა 2015 წლიდან დღემდე, ტერიტორიის სარეკრეაციო სივრცედ მოწყობის გეგმები კვლავ შეუსრულებელია.
ფართობი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, დიღმის ჭალების პარკს უნდა დაეფარა, უფრო და უფრო მცირდება. თავდაპირველი მონაცემებით, ჭალებში მოწყობილი პარკი 50 ჰექტარი ფართობის უნდა ყოფილიყო. 2019 წლის პროექტის მიხედვით კი, პარკს მხოლოდ 15 ჰექტარი ფართობის ტერიტორია უნდა დაეფარა.
დროთა განმავლობაში, ჭალების დიდი ნაწილი კერძო საკუთრებად იქცა, ხოლო დანარჩენი ნაწილი, დაახლოებით – 123 ჰექტარი სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაშია. 2015 წლამდე არეალის დაახლოებით 64 ჰექტარი ტყით იყო დაფარული, შემდეგ კი ეს ტყეც განადგურდა.
კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტი, რომლის ტერიტორიაც დანაგვიანდა, უფლებამოსილია მოსთხოვოს დამნაგვიანებელს ამ ტერიტორიის დასუფთავება. თუ დამნაგვიანებლის დადგენა ან მოძიება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტს შეუძლია მის მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება ტერიტორიის მფლობელს დააკისროს. თუ დაბინძურებული ტერიტორია კერძო საკუთრებაში არაა, მისი დასუფთავების ვალდებულება თავად მუნიციპალიტეტს ეკისრება.
თბილისის მერიის განცხადებით, ჭალების დაბინძურებაზე უამრავი ოქმი აქვს გამოწერილი ნარჩენებისაგან გასანთავისუფლებლად, რომელიც უკვე სააღმსრულებლოს გადაეცა.
ჯერ კიდევ 2019 წელს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დიღმის ჭალებში ახალი პარკის მშენებლობა 2019 წელს დაიწყებოდა და 2 წელში დასრულდებოდა. მოხდა პარკის პროექტის წარდგენა, რის მიხედვითაც, მოეწყობოდა გამწვანებული სივრცე საფეხბურთო და საკალათბურთო მინიმოედნებთ, საცურაო აუზით, მედიათეკით, ამფითეატრითა და კაფე-ბარებით.
მშენებლობისთვის 11 620 192 ლარი დაიხარჯებოდა. ახალი პარკის მშენებლობა კი 2 წელში უნდა დასრულებულიყო.
2020 წელს თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ კოვიდ ვირუსიდან გამომდინარე, იმ საბიუჯეტო სახრების შეკვეცა მოხდა, რომელიც გამოყოფილი იყო სხვადასხვა პარკებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად და სწორედ, ეს დასახელდა მიზეზად იმისა, რომ პარკის მშენებლობაც გადაიდო.
2022 წელს კი თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, დიღმის ჭალების პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები სავარაუდოდ, 2023 წელს დაიწყება. როგორც მან განმარტა, დიღმის ჭალებს გარკვეული პრობლემები აქვს დაბინძურებასთან დაკავშირებით.
„დიღმის ჭალის პროექტს რაც შეეხება, როგორც იცით, პროექტი რამდენიმე წლის წინ დავასრულეთ, თუმცა შემდეგ პროექტში ჩაერთო „აზიის განვითარების ბანკი“, რომელიც ამ პროექტს აფინანსებს. ამჟამად ხდება პროექტის მორგება „აზიის განვითარების ბანკის“ სტანდარტებზე. ასევე, როგორც იცით, დიღმის ჭალებს გარკვეული პრობლემები აქვს დაბინძურებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ამ პროცესში ჩართულები არიან არასამთავრობოები და როდესაც გვექნება სრული შეთანხმება პროექტთან დაკავშირებით, შემდგომ დაიწყება სამუშაოები. ჩვენი ვარაუდით, ეს მომავალ წელს იქნება“, – განაცხადა ბასილაიამ.
დიღმის ჭალების გადარჩენაზე ორგანიზაცია „დიღმის ჭალები“ ზრუნავს, რადგან ჭალის გადასარჩენად აუციელბელია მყისიერი ქმედებები. ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ:
„დიღმის ჭალების გადასარჩენად უკვე სამ წელზე მეტია ვმუშაობთ. ყოველდღიური დაბრკოლებები და წინააღმდეგობები მხოლოდ აძლიერებს ჩვენ შემართებას, რომ ბოლომდე გავიყვანოთ საქმე – დავიცვათ, აღვადგინოთ და ქალაქის საყვარელ სარეკრეაციო-საგანმანათლებლო სივრცედ ვაქციოთ დიღმის ჭალები.
გულშემატკივრების არმიის დახმარებით ნელ-ნელა, თუმცა მიზანდასახულად მივიწევთ წინ.
ჩვენი და „თბილისის განვითარების ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად, „აზიის განვითარების ბანკმა“ დაიწყო დიღმის ჭალების ვრცელი, 500 ჰექტრამდე არეალის შესწავლა, დიღმის ჭალების აღდგენის და განვითარების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შესამუშავებლად. ერთწლიანი მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია SMEC, რომელიც მომავალი წლის განმავლობაში უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტების გუნდთან ერთად სიღრმისეულად შეისწავლის ეკოლოგიურ, გარემოსდაცვით, ურბანულ, ეკონომიკურ, სამართლებრივ საკითხებს და მოამზადებს მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მოხდება დიღმის ჭალების აღდგენა, მოვლა, განვითარება.
ჩვენი სამუშაო ჯგუფი აქტიურად იქნება ჩართული კვლევის განხორციელების ყველა ეტაპზე“.
რაც შეეხება „დიღმის ჭალების“ მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
„ადგილზე უკანონოდ მოიპოვებენ სამშენებლო მასალებს, რა დროსაც ირღვევა მტკვრის კალაპოტი და იქმნება ტბორები, რომელიც ჭაობდება; ჭალის მდელოსა და ტყის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალების მოპოვების შემდეგ ნარჩენებს ტოვოებენ ადგილზე, შედეგად კი ნადგურდება ხეები; ამავე ტერიტორიაზე ამუშავებენ მოპოვებულ მასალას, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უქმნის დისკომფორტს, რადგან მუდმივად არის ხმაური და მტვერი. ამასთან, დიღმის ჭალებში იყრება სამშენებლო ნაგავიც”.
ადგილობრივი მაცხოვრებლები, „დიღმის ჭალების“ მცველები და გარემოსდაცვითი მკვლევარები პრობლემიდან გამოსავალზეც საუბრობენ. მათი განმარტებით, პირველ რიგში აუცილებელია დიღმის ჭალების ტერიტორიაზე აიკრძალოს ყველა ის საქმიანობა, რომელიც ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ხორციელდება; პარალელურად, საჭიროა მოგვარდეს ტერიტორიის დანაგვიანებისა და უკანონო ნაგავსაყრელების პრობლემა; ტერიტორიის გასუფთავების შემდგომ, მნიშვნელოვანია მოხდეს ღია კარიერული სამუშაოების, დასაწყობების, გადამამუშავებელი საქმიანობებისა თუ დაბინძურების შედეგად დეგრადირებული გარემოს აღდგენა და ნიადაგის რეკულტივაცია.
ფაქტია, რომ პრობლემის ირგვლივ არაერთი ორგანიზაცია და მოსახლეობაა გაერთიანებული. თუმცა, როგორ გადაწყდება დედაქალაქის ფილტვების ბედი, ამას დრო გვიჩვენებს.