დედაქალაქის 6 უბანი უკონტროლო მშენებლობის წინააღმდეგ
საერთო პრობლემამ თბილისის 6 უბნის მოსახლეობა გააერთიანა, ერთადერთი მიზანი რაც მათ აქვთ ეს საკუთარის საცხოვრებლების წინ მიმდინარე ან დაგეგმილი მშენებლობაა.
გუშინ ღამით, 100-მდე მანქანით დედაქალაქის სხადასხვა უბნის მოსახლეობამ მსვლელობა მოაწყო, საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორი სამოქალაქო აქტივობა “ჩემი ქალაქი მკლავსაა”, რომელიც სოციალურ ქსელში ფოტო მასალას ავრცელებს და საზოგადოებას ეერთიანობისთვის მადლობას უხდის.
“გვქონდა საავტომობილო მსვლელობა, გავაერთიანეთ თბილისის 6 სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლები. სულ მსვლელობაში ჩართული იყო 100 მანქანა. გავიარეთ თბილისის მერიასთან, საქართველოს პარლამენტთან და საკრებულოსთან. შეკრების ადგილი იყო სოფელი თხინვალა, სადაც, მოსახლეობასთან ერთად, ვაჩვენეთ სწორი და აქტიური ბრძოლის შედეგი – გიორგი ანწუხელიძის სკვერი სახლების ნაცვლად. ასევე, აღნიშნული 6 უბნის მაცხოვრებლები შევახვედრეთ თხინვალას მოსახლეობას, რის შემდეგაც დავიწყეთ მსვლელობა ქალაქის მასშტაბით. მოსახლეების მოთხოვნაა შეხვედრა თბილისის მერ კახა კალაძე – სთან, რათა თავიანთი სახლის წინ არსებულ პრობლემაზე ისაუბრონ.
1. საბურთალო – ზალდასტანიშვილების ქუჩის მოსახლეობა აპროტესტებს თავისი სახლის წინ არსებულ მშენებლობას.
2. დიღმის მასივი – ევგენი მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლები აპროტესტებენ თავიანთი ქუჩის წინ არსებულ მშენებლობას.
3. მთაწმინდა – 8 მარტის ქუჩის მოსახლეობა აპროტესტებს ისტორიული ტვერელის ეკლესიის ჩაბეტონებას.
4. მუხიანი – გობრონიძის ქუჩის მოსახლეობა აპროტესტებს საფეხბურთო სტადიონზე არსებულ მშენებლობას.
5. ფონიჭალა – მოსახლეობა აპროტესტებს ფეროს ქარხნის მშენებლობას და ასევე უკვე არსებულ ქარხნებს, რომლებიც წამლავს გარემოს.
6. საბურთალო – მარიჯანის ქუჩის მოსახლეობა აპროტესტებს სახლის წინ არსებულ მშენებლობას.
აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ შედეგს არ მივაღწევთ, საერთო აქცია იქნება 21 ივნისს თბილისის მერიასთან ✊
თუ თქვენც იბრძვით მშენებლობის წინააღმდეგ, მოგვწერეთ და ჩაერთეთ ქალაქის გადარჩენისთვის ბრძოლაში ✊🇬🇪
თუ დღეს ჩვენი მსვლელობით ვინმე შეგაწუხეთ, ბოდიშს გიხდით, თუმცა თბილისს სჭირდება გამოღვიძება, რათა არ ჩააბეტონონ ეს ქალაქი. ბრძოლა იქნება ბოლომდე ” ნათქვამია “ჩემი ქალაქი მკლავს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.