რა პროექტებს ითვალისწინებს დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი, რომლის მთლიანი მოცულობა 1 763 354 000 ლარია
დედაქალაქის 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტიდან ცნობილი გახდა, რომ ახალი წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 1 763 354 000 ლარს შეადგენს
თბილისის საკრებულოს მიერ დედაქალაქის 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტიდან ცნობილი გახდა, რომ ახალი წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 1 763 354 000 ლარს შეადგენს, რაც წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია. აქედან მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები 1 254 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო 500 000 000 ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი. გარდა ამისა, 2024 წელს დონორების დაფინანსება შეადგენს 63 მლნ ლარს.
სტატიაში შეიტყობთ თუ რა გაკეთდა თბილისში 2023 წლის მანძილზე. ასევე, გაგაცნობთ ძირითად პარამეტრებსა და პროექტებს, რომელიც დედაქალაქში 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით უნდა განხორციელდეს.
2023 წელს დედაქალაქში განხორციელებული ძირითადი პროექტები ასე გამოიყურება:
მოწესრიგებული გზები
მხოლოდ 2023 წელს თბილისში მოწესრიგებული გზების ფართობი 825 000 კვ. მეტრს შეადგენს. ამავე წელს თბილისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა 590 ქუჩა, გამზირი, აღმართი, ხიდი, დამატებით მოეწყო 22 ახალი ქუჩა, კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 26 ქუჩაზე, ორმოული შეკეთების სამუშაოები კი – 742 ობიექტზე. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად თბილისის ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება – ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, აღდგენა-რეკონსტრუქცია
2023 წელს, 26 მილიონი ლარი იქნა მიმართული ავარიული შენობა-ნაგებობების გასამაგრებლად (58 შენობა-ნაგებობა). საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის კი, წინა წელს 33 მილიონი ლარი დაიხარჯა.
მათ შორის, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს წარმოადგენს ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდური გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები; დიდუბის რაიონში, შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია; მდინარე მტკვარზე მდებარე „მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა
ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში ათვისებულია 2 230 750 ლარი. პირველი საპილოტე პროექტი სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების მეშვიდე კვარტალის N12 კორპუსში ხორციელდება, სადაც ავარიული 4 სართულიანი შენობის ნაცვლად, ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ასევე აქტიურ ფაზაშია სამშენებლო სამუშაოები კალოუბნის ქუჩის N18-ში, სადაც არსებული 3 სართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება; დასრულებულია სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა საბურთალოს რაიონში და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც უახლოეს მომავალში სამშენებლო მოედნის მოწყობის სამუშაოებს დაიწყებს.
უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემის პროგრამა
უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემა სარგებლობის უფლებით პროგრამის ამოქმედებიდან, მერიის მიერ შესყიდულ იქნა 94 ბინა; 2023 წელს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 181 ოჯახს. (2017 წლიდან 2023 წლამდე კი , საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 2790 ოჯახს); 2023 წელს თბილისის მერიამ დაიწყო 8 ახალი სამშენებლო პროექტი (გამოცხადდა 8 ინტერესთა გამოხატვა) კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით; 2023 წელს დაკმაყოფილდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული დაახლოებით 620 პირი. 2023 წლის მონაცემების ჩათვლით ჯამში დაახლოებით 2350 მოქალაქეა დაკმაყოფილებული.
გარდა ამისა, 2023 წელს განხორციელდა ვარკეთილის დასახლების III მასივში არსებული 2 ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროგრამა. პროექტის ფარგლებში ახალი ბინები და რემონტისთვის საჭირო თანხა ჯამურად 624 910 ლარი, გადაეცემა 41 ოჯახს.
გამწვანების სამუშაოები
2023 წელს, თბილისის მერიის მიერ 40 ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პარკს, 329 სკვერს და 82 სპორტულ მოედანს. ჯამში, დაირგო 114 730 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი, 207 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო სარწყავი სისტემა, ამავე ფართობზე დაითესა და დაირგო ბალახის საფარი. დედაქალაქის მასშტაბით, დაირგო 390 000 სეზონური ყვავილი. თბილისის გარშემო არსებული ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის ფარგლებში, 17 ჰექტარზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. გარდა აღნიშნულისა, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ 16 ჰა ფართობზე, განხორციელდა მწვანე ნარგავების (ტყის) აღდგენა-გაშენების სამუშაოები. დაირგო სხვადასხვა სახეობის 16 776 ნერგი და მომავალი 4 წელი განხორციელდება მათი მოვლა-პატრონობა.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამა
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებში, ჯამში, დაფინანსდა 1750 განაცხადი, რაზეც 45 მლნ ლარი დაიხარჯა. ჯანდაცვის პროგრამებში ჯამურად 81 740 000 ლარი დაიხარჯა, რაიონული გამგეობების დონეზე – დაკმაყოფილდა ბენეფიციართა 30 000-მდე განაცხადი ერთჯერადი ფინანსური დახმარების თაობაზე (თანხა – 5 933 350 ლარი); 33 000 ბენეფიციარმა მიიღო მედიკამენტების დაფინანსება (თანხა 5 062 000 ლარი).
სპორტის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები
სპორტის მიმართულებით 2023 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა 240 სპორტული ღონისძიება, განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობა მიიღო 78 000-მდე ბენეფიციარმა. წლის განმავლობაში დაფინანსდა 34 სპორტული ორგანიზაცია და ფედერაცია სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების შესაძენად, ინვენტარით და ეკიპირებით სარგებლობს 6 524 ბენეფიციარი.
დასრულების ეტაპზეა მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში, ასევე მიმდინარეობს დიღმის მასივში, მესამე კვარტალში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ხუთ სპორტულ ცენტრს და ტექნიკით და ინვენტარით აღიჭურვა სამი სპორტული ცენტრი; მიმდინარეობს სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც დასრულდება 2024 წელს.
ასევე, 2023 წელს ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა გაეწია სპორტულ დაწესებულებებში მომუშავე სპორტის სხვადასხვა სახეობის 350 მწვრთნელს, რომლებიც სპორტის 49 სახეობაში ავარჯიშებენ მოზარდებს.
მუნიციპალური სერვისების ხარისხის, სასწავლო და სამუშაო გარემოს გაუმჯობესება
მუნიციპალური სერვისების ხარისხის, სასწავლო და სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება ახალგაზრდული ინფრასტრუქტურის განვითარება. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომლის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები.
სკოლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები
განხორციელდა და მიმდინარებს სხვადასხვა პროექტები, მათ შორისაა თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც დასრულდება 2024 წელს; 20-ზე მეტი სკოლის აღჭურვა ინვენტარით; ხელოვნების 10 სკოლაში სარემონტო სამუშაოები; ილია ჭავჭავაძისა და მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმების სრული რეაბილიტაციის პროექტები; 2 ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია და აღჭურვა.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლება
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლების ფარგლებში, 2023 წელს 26 ერთეული სპეცმანქანა იქნა შესყიდული, საერთო ღირებულებით – 9 288 638 ლარი, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, 2024 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად მოხდება 65 ერთეული სპეცმანქანის მოწოდება, აქედან 2 ერთეული სპეცტექნიკა უკვე შემოსულია. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 9 564 750 ევროს შეადგენს.
გარე განათების მოწყობის სამუშაოები
დედაქალაქის მასშტაბით, 2023 წელს გარე განათების ახალი ქსელის მოწყობის ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე საერთო ჯამში დამონტაჟდა – 1105 ერთეული ბოძი, 28 ცალი „ბაბლთაუერი“, 3020 სანათი, 43 000 გრძივი მეტრი სადენი. გზების რეაბილიტაციის ფარგლებში, გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო: უნივერსიტეტის ქუჩაზე, კრწანისის ქუჩაზე, ეშბას ქუჩისა და მახათას აღმართის დამაკავშირებელ გზაზე, ჯავახეთის ქუჩაზე. განათების ახალი ქსელის მოწყობა განხორციელდა მიცკევიჩის ქუჩაზეც.
საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად დამონტაჟდა 31 ახალი შუქნიშანი.
ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვა/მოდერნიზაცია
თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის შემდგარი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვა/მოდერნიზაციას ისახავს მიზნად, დასრულდა კვლევითი სამუშაოები. 2024 წლიდან დაიწყება საბოლოო დიზაინის შემუშავება და შემდგომ, ეტაპობრივი შესყიდვების და დანერგვის სამუშაოების განხორციელება საერთაშორისო კონსულტანტების მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 47 მლნ ევრო, რომელიც მოხმარდება თბილისისათვის ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებას.
თბილისში მეტროსადგურების განახლება
აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით დასასრულს უახლოვდება შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები თბილისში მეტროსადგურების განახლებისა და უნივერსალური მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; სრულდება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტის „თბილისის სუპერბლოკები“ კონცეპტუალური ეტაპი, რომლის შემდგომ აღნიშნული პროექტი გადავა დეტალური დიზაინის ეტაპზე, შერჩეული საპილოტე არეალებისათვის.
თბილისის ტრანსპორტის გეგმა და ავტობუსების პროექტი
დასრულდა თბილისის ტრანსპორტის გეგმაზე მუშაობა. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია ,,რამბოლის“ მონაწილეობით შეიქმნა თბილისის სატრანსპორტო გეგმა, რომელიც ქალაქის სხვადასხვა რაიონების სატრანსპორტო საჭიროებებს ეყრდნობა და საქალაქო მობილობის გაუმჯობესებისათვის საჭირო მიდგომებსა და ღონისძიებების 20-წლიან გეგმას გვთავაზობს.
ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით (EBRD) , თბილისის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, ახორციელებს ავტობუსის რეფორმის მხარდაჭერის პროექტს.
თბილისის საავტობუსო ქსელის (TBT), მაშრუტების კავშირს სადგურის მოედნის სატრანსპორტო კვანძთან და შეამცირებს მოცდის დროს.
2019 წელთან შედარებით, როდესაც განხორციელდა 278 მილიონი მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, (მეტრო, ავტობუსი), 2023 წელს დაფიქსირდა 390 მილიონამდე მგზავრობა (მეტრო, ავტობუსი, ბაგების საბაგირო). ასევე, 4.5-ჯერ გაიზარდა 2019 წელთან შედარებით მიკროავტობუსებში მგზავრობა და 20 მილიონიდან 84 მილიონ მგზავრობამდე ავიდა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია
თბილისის მასშტაბით ამჟამად მიმდინარეობს სხვადასხვა ცალკეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, როგორიცაა: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, აბრეშუმის მუზეუმი, კადეტთა კორპუსი, წინამძღვრიშვილის N1, ერეკლეს ქ.# 6 და სხვა, რიგი მათგანის სამუშაოები გაგრძელდება მომავალ წელსაც. 2024 წელს დაგეგმილია ნარიყალას ციხის და დარეჯანის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ბიუჯეტი შეადგენს 7 934 558 ლარს. ასევე, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 31 შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მხატვრულ/დეკორატიული მინათებით – სავარაუდო ბიუჯეტით 60 მილიონი ლარია.
რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს – მხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასაწევი ხარჯების ოდენობა 547 მლნ ლარს წარმოადგენს, რაც 2023 წელს ამ მიმართულებით გაწეულ ხარჯთან შედარებით 31 მლნ ლარით მეტია. სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით კი, 507 ლარის ღირებულების პროექტებისა და პროგრამების განხორციელება იგეგმება.
2024 წლის განმავლობაში დაგეგმილი და გარდამავალი ძირითადი პროექტები კი ასე გადანაწილდა:
აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გამოყოფილია 8 მლნ ლარამდე; შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია – 15 მლნ ლარი; სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩის რეაბილიტაცია – 3 მლნ ლარი; 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენის პროექტისთვის – 113 მლნ ლარი; ავტობაზის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 24 მლნ ლარი; დასრულდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 2,8 მლნ ლარი, ასევე, დასრულდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია, რომლისთვის დაახლოებით 2,7 მლნ ლარია გამოყოფილი; ვაგონების მოდერნიზაციისთვის – 10 მლნ ლარი; მთაწმინდის საბაგიროს დასრულებისთვის – 3 მლნ ლარი; ნაგავსაყრელის მეოთხე უჯრედის მშენებლობისთვის – 15 მლნ ლარი; მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპისთვის გათვალისწინებულია 11 მლნ ლარზე მეტი; ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის – 10 მლნ ლარი; ვაკის პარკის დასრულების სამუშაოებისთვის – 10 მლნ ლარი; გლდანის ტბის მოსაწესრიგებლად – 5 მლნ ლარი; სამგორის რაიონში, „სამხედრო ქალაქის“ პარკის მოსაწყობად 2024 წელს გათვალისწინებულია 6 მლნ ლარი (გარდამავალი პროექტია, რომელიც ჯამში 26 მლნ ჯდება); დიდ დიღომში, მეორე და მეოთხე მიკრორაიონების შემაერთებელი ბულვარის მოსაწყობად გათვალისწინებულია 3,5 მლნ ლარი; კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩაზე „სამასი არაგველის“ სკვერის მოსაწყობად – 2 მლნ ლარი; სოფელ დიღომსა და სვანეთის უბანში წყალარინების ქსელის მოწყობისთვის ჯამში 4 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული; ლეღვთახევში ქვათაცვენის საწინააღმდეგო მასშტაბური სამუშაოებისთვის – 5 მლნ ლარი; დიღმის მასივში, მესამე კვარტალში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის ასაშენებლად 5 მლნ ლარი; სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის სამუშაოებისთვის 2,3 მლნ ლარი (გარდამავალი პროექტია); სკეიტ პარკების მშენებლობისთვის 1 მლნ ლარი; #28 საბავშო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა – 4 მლნ ლარი; N71 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია – 2,3 მლნ ლარი; N43 საბავშო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა – 2 მლნ ლარი; N196 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია – 2 მლნ ლარი; N37 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია – 2 მლნ ლარი; N50 საბავშო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა – 2 მლნ ლარი; N211 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია – 700 000 ლარი.
ასევე 2024 წლის ბიუჯეტში ის რამდენიმე პროექტია გათვალისწინებული, რომელიც წინა წლებშიც ხორციელდებოდა და კვლავ გაგრძელდება, ესენია: ავარიული სახლების ჩანაცვლება, უსახლკარო მოქალაქეებისთვის ბინების შეძენა, ასევე, მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვაზე.