დარეჯან დედოფლის სასახლის გარე ფასადისა და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება
დარეჯან დედოფლის სასახლეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ინფორმაცია დედაქალაქის მერმა თავად ამცნო თბილისელებს, მისი განმარტებით სასახლის გარე ფასადისა და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
„როგორც იცით, რამდენიმე წლის წინ ჩვენ განვახორციელეთ დარეჯან დედოფლის სასახლის ეზოსა და გალავნის რეაბილიტაცია. ამჯერად კი შენობაში ჩატარდება როგორც გარე ფასადის, ასევე შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. შენობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და განახლება სჭირდება. კერძოდ, რეაბილიტირდება აივანი და გადაეწყობა მისი დეკორატიული ელემენტები; არქიტექტურული დეტალები აღდგება ხის განახლებული ნაკეთობებით; სასახლის იმ ნაწილში, რომელსაც რეაბილიტაცია არ შეხებია, მოწესრიგდება ეზო და მოეწყობა სადრენაჟე სისტემა; შეკეთდება დეკორატიული სვეტები, გარემონტდება ფასადი, შეკეთდება გადახურვის კონსტრუქცია და სხვა. პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრულია, დაახლოებით, ექვსი თვე“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.