საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, განსაკუთრებით მძიმე ზეწოლას ეკლესია-მონასტრები განიცდიდნენ. მასიურად იხურებოდა ტაძრები. ეკლესიებიდან ქრებოდა ყველაფერი, რაც სიწმინდესა და მართლმადიდებლობას უკავშირდებოდა. იძარცვებოდა ეკლესიები სამღვდელო შესამოსლისა და საეკლესიო ინვენტარისაგან. გადარჩენილი წმინდა ნაწილები და უძველესი ხატები, ადგილობრივი მუზეუმების საცავებს გადაეცათ, რადგან ისინი კომუნისტების თვალსაზრისით, რელიგიურ ნაწილებს კი არა, არამედ კულტურულ-ისტორიულ ნივთებს წარმოადგენდნენ.

დაკარგული განძის ძიებაში

უამრავ ტაძარს ფუნქცია დაეკარგა – ისინი აბანოებად, საწყობებად, თეატრებად და საცხოვრებელ სახლებად გადააკეთეს. ეს ყველაფერი დღეს წარსულის უმძიმეს მოგონებად დარჩა. მრავალმა რელიგიურმა ნაგებობებმა და სიწმინდეებმა კვლავ დაიბრუნეს თავიანთი სულიერი ფუნქცია, თუმცა დედაქალაქის ცენტრში კვლავ არის შემორჩენილი რამდენიმე ტაძარი, რომლებიც დღემდე დანგრეულია, უფუნქციოა ან საცხოვრებლად გამოიყენება.

დაკარგული განძის ძიებაში

სტატიის წერისას იმ უძველეს ტაძრებს გავეცანი, რომლებმაც ჩვენს დედაქალაქში ფუნქციადაკარგული სახით, თუმცა მაინც მოაღწია. ის ემოცია, რაც მათი დანახვისას განვიცადე არასდროს დამავიწყდება. ერთ დროს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები, დღეს სრულად განადგურებულია. მათი არსებობის შესახებ დღეს მხოლოდ ტაძრების დანგრეული გუმბათები, აკლდამის ქვები, საეკლესიო ზარები და ბეტონითა თუ რკინის ჯებირებით ამოშენებული შესასვლელი კარი გვიყვება.

რა არ გადაიტანეს, რამდენი ადამიანი მოაქციეს მართლმადიდებლობისკენ ამ გავერანებულმა ტაძრებმა, თუმცა დღეს მათი დანახვისას მხოლოდ სინანულის გრძნობა მეუფლება.

დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში

პირველად თბილისში არსებულ, ჩაისუბნის ქუჩას ავუყევი. აქ საოცარი თბილისური სტუმართმოყვარეობა დამხვდა. როგორც კი ვამცნე, რომ ძველი კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესიის სანახავდ ვიყავი მოსული, ყოველი მხრიდან საოცარი ისტორიების მომსწრე გავხდი. როგორც ადგილობრივებმა მიამბეს, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ჩაისუბნის ქუჩის N7გ-ში მდებარე კვირაცხოვლობის ნავისებური ბაზილიკა მე-8 საუკუნისა უნდა იყოს, რომელიც ერთხანს ასირიელებსაც ეკუთვნოდა, უფრო ადრე კი მურვან-ყრუს გაუნადგურებია და შემდეგ აღუდგენიათ.

ქალბატონი მარინე გვიყვება, რომ 1898 წელს, მის აღდგენაში დიდი როლი იეზიდებს მიუძღვით. აღდგენილ ტაძარში, როდესაც პირველი წირვა ჩატარებულა იეზიდები ბაზილიკის გარეთ ჩამწკრივებულები მდგარან. მათთვის სასულიერო პირებს მხოლოდ წირვის შემდეგ დაუსვამთ კითხვა – მიიღებდნენ თუ არა მართლმადიდებლობას? სწორედ მათი თანხმობის შემდეგ შეუშვიათ იეზიდები სალოცავად. ამის შემდეგ ტაძარში ლოცვა, ორ ენაზე აღევლინებოდა.

ბაზილიკა 1924 წელს გადაკეთდა ორჯონიკიძის სახელობის ქარხნის მუშათა საცხოვრებელ სახლად.

ძველ ბაზილიკამდე მისასვლელ გზას ვიწრო, უსწორმასწორო, ულამაზესი კიბით მივუყვები – ეტყობა, რომ ის ძველი უბნის შემორჩენილი კიბეა. მასზე ასვლისას მხოლოდ გუმბათის დანახვისას ვხვდები, რომ აქ ერთ დროს ტაძარი იყო. ტაძარს აქვს მინაშენები. მახლობლად მდებარე ერთსართულიანი სახლი ოდესღაც ბერებს და სასულიერო პირებს ეკუთვნოდა. დღემდეა შემორჩენილი ბერთა კელიები და სასაფლაო. აქ ნაპოვნია საფლავის ლოდები, ოქროსა და თაბაშირის ჯვრები, მაგრამ ისინი გაურკვეველ ვითარებაში დაკარგულა. მაცხოვრებლებს საკურთხევლის ადგილას აქვთ ოთახები.

დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში

ყველაფერი ამის ნახვის შემდეგ, სხვა განადგურებული ტაძრების ხილვის ინტერესი უფრო მეტად გამიმძაფრდა. ბევრჯერ მაქვს გაგონილი რუსთაველის გამზირის #48-ში მდებარე შენობის შესახებ, სადაც ამჟამად რამდენიმე დაწესებულებაა განთავსებული, უკრაინელი წმინდანის, თეოდოსი ჩერნიგოველის სახელზე აშენებული, რუსული მართლმადიდებლური, რამდენიმე გუმბათიანი ტაძარი ყოფილა.

ეკლესიის მშენებლობა 1909 წელის 4 ოქტომბერს დასრულდა და ის 1910 წლის 4 აპრილს აკურთხეს. ეკლესიაში ქადაგებდნენ სასულიერო სემინარიის რექტორები არქიმანდრიტები სერაფიმე და გერმოგენი, მღვდლები ი. ლაბაძე, ე. ჯაოშვილი, დ. ბიგულოვი და სხვები.

ეკლესიასთან გახსნილი იყო საკვირაო სკოლა, სადაც ღარიბი ოჯახის ბავშვებს ასწავლიდნენ წერა-კითხვას, ხელსაქმეს. ამავე წლიდან ეკლესიასთან გაიხსნა ხატწერის სახელოსნო, რომელშიც ასწავლიდა ხატმწერი ნიკოლაი ანდრეევი. ასევე აღსანიშნავია, რომ ღარიბი ოჯახების ბავშვებისათვის აწყობდნენ ლიტანიობას, დაჰყავდათ სხვადასხვა ეკლესიებში, სიონში, მცხეთის სვეტიცხოველში, აჩვენებდნენ სიწმინდეებს.

ეკლესიამ ფუნქციონირება შეწყვიტა XX საუკუნის 20-იანწლებში. საბჭოთა პერიოდში ამ შენობაში განთავსებული იყო თბილისის ისტორიის მუზეუმი, ჭადრაკის სასახლე და სხვა და სხვა ორგანიზაციები.

შენობას თავდაპირველად ჰქონდა რუსული მართლმადიდებლური ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი თუნუქის ხუთი გუმბათი, ტიხრული ვიტრაჟები ორ ღიობზე და პროფილირებული სვეტები შესასვლელში. XX საუკუნის ოციანი წლებიდან, ეკლესიის ფუნქციონირებასთან ერთად ნაგებობამ სახე იცვალა: ეკლესიას გუმბათები მოხსნეს, ვიტრაჟები მოშალეს, პროფილირებული სვეტები ბეტონის ყალიბში მოაქციეს და ფუნქცია შეუცვალეს.

შენობის დანახვისთანავე ვამჩნევ სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოკრულ აბრას. თითქოს არაფერი მიუთითებს აქ ოდესღაც არსებულ ტაძარზე, თუმცა შენობის შესასვლელი, რომელსაც პატარა კიბე მიუყვება ულამაზესი არკით არის გამოყოფილი. ხოლო ვანო სარაჯიშვილის ქუჩის მხრიდან, დიდი რკინის ჭიშკარში შესვლისას ჩემს გაოცებას, კუსტარულად ამოშენებული ტაძრის შესასვლელი იწვევს. აქ უკვე ვრწმუნდები, რომ ეს ერთ დროს საუკეთესო, თუმცა განადგურებული ტაძარია.

დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში

შემდეგი ტაძარი ვერის წმინდა ესტატეს ეკლესია აღმოჩნდა.

XIX საუკუნის ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია იდგა ვერეზე, ახლანდელი გიორგი ახვლედიანისა (იმდროინდელი ანასტასიას) და ლეო ქიაჩელის (ყოფილი ყორღანოვის) ქუჩების შესაყარზე.

ჩვენამდე მოღწეული მწირი ცნობებით, ვერაზე, ამ ადგილას, წარსულში ღვთისმშობლის ეკლესია მდგარა. მას ამ სახელით პლატონ იოსელიანიც იხსენიებს. სავარაუდოდ ამ ეკლესიის ნაშთები ჯერ კიდევ შესამჩნევი იყო XIX საუკუნის 70-იან წლებში.

ჟურნალ „დროების“ ცნობით (1877 წელი, № 12) აქვე უპოვიათ ქვა ქართული წარწერით: „აშენდა ესე წმ. ესტატეს ეკლესია ღვთისგან კურთხეულისა და ამაღლებულისა საქართველოს დედოფლის თამარის ბრძანებით“.

1901 წლის ერთი ცნობის მიხედვით, ღვთისმშობლის ეკლესიაში ინახებოდა ესტატეს წმინდა ნაწილები და აქვე დაკრძალული იყო მეფე ერეკლე II-ის ასული ქეთევანი. შემდგომში ეკლესია დანგრეულა და მის ადგილას აუშენებიათ აგურის ქარხანა.

1897 წელს მემამულე ყორღანოვმა ახალი ეკლესიის ასაგებად მიწის ნაკვეთი შესწირა ბოდბის დედათა მონასტერს. ახლადაშენებული ეკლესია თბილისის 1910 წლის გეგმაზეცაა დატანილი. 1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია გააუქმა და საცხოვრებელ სახლად გადააკეთა. აქ ცხოვრობდა ქართველი კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე, რაზეც გ. ახვლედიანის ქუჩის მხარეს (№ 2) გაკრული მემორიალური დაფა გვაუწყებს.

წარსულში ეკლესიის არსებობაზე ქუჩის მხარეს, შენობის ფასადზე შემორჩენილი რელიეფური ჯვრები მიუთითებს. საოცარ შთაბეჭდილებებს ტოვებს ახლა უკვე საცხოვრებლად განკუთვნილი, შენობის ფასადზე არსებული ფანჯრის არკები. ერთ დროს აქ არსებული ტაძრის ფოტოების შემხედვარეს, ახვლედიანის ქუჩის მხრიდან რკინის მორღვეული ჭიშკარი და მის მიღმა არსებული გარემო კიდევ უფრო სევდიან განწყობას მიტოვებს.

დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში

ავლაბარში, ყოფილი რობესპიერის, ამჟამად კი მთავარანგელოზის ქუჩაზე მდებარე მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის ნაშთებს, მარტივად ვერ მივაგენი. მხოლოდ ადგილობრივების დახმარებით შევძელი დანიშნულების ადგილამდე მისვლა. აქ ყველა სახლი ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ყოფილი ეკლესიის ადგილზე მდებარე ავარიული სახლი, როგორც ფასადით ასევე მეზობლების მონათხრობით მართლაც, რომ გამოირჩევა.

მოსახლეობის მიერ მოწოდებული ცნობების მიხედვით, ტაძარი 1898 წელს, მღვდელ დავით იანქოშვილის ხელმძღვანელობით აუგიათ. ხოლო პლატონ იოსელიანის ცნობით იგი 1905 წელს აუშენებიათ. მშენებლებად დასახელებულნი არიან მეტეხის ეკლესიის დეკანოზი ზაქარია და მისი ძმა იოსებ სულხანოვი. შენობა, რომელშიც ამჟამად მოქცეულია ეკლესიის კედლები გადაკეთებულია სამსართულიან სახლად, მას გვერდებიდან აქვს უკანონო მიშენებებიც.

ვიგებ, რომ ზემოაღნიშნული მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი ფუნქციონირებდა 1923 წლამდე, იგი ჯერ ბოლშევიკების მიერ გადაკეთდა სასამართლოდ, შემდეგ – პოლიკლინიკად და ბოლოს – პურის ქარხნის საერთო საცხოვრებლად, საბოლოოდ კი სახლის იერი 1938 წელს მიიღო.

ამ ნაეკლესიარ შენობაში ამჟამად რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ტაძრის ორივე სართული გადატიხრულია ოთახებად, ხოლო საკურთხევლის ტერიტორია გამოყენებულია დერეფნად, რომლის გარკვეული ნაწილი საცხოვრებელ ფართშიც შედის.

ადგილობრივების თქმით, აქ დასახლებულთაგან ასაკოვანი არავინ მომკვდარა, სულ ახალგაზრდები და მცირეწლოვანები იღუპებიან. ეკლესიის გვერდით მდებარეობს შენობა, რომელშიც თურმე სასულიერო სემინარია ყოფილა განთავსებული. აქვე მდებარეობდა სასაფლაოც. მოსახლეობა, შესაბამისი ფართით დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანახმაა შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. ერთ-ერთი მოსახლის ცნობით მათი უმრავლესობა დააკმაყოფილეს ბინებით, მაგრამ ზოგიერთები ამ ტერიტორიას ვერ ელევიან.

დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში

აღსანიშნავია წმ. გიორგის სახელობის კალოუბნის ტაძარი, რომელიც დღევანდელი რუსთაველის გამზირისა და ფურცელაძის ქუჩის კუთხეში, მაშინდელი ჰაუპვახტის ანუ კომისარიატის შენობის უკან მდებარეობდა. 1930 წელს ტაძარი დაანგრიეს და იქ არსებული სასაფლაოც გაანადგურეს. ასევე ადგილზე არსებული ჰაუპვახტის შენობაც ბოლშევიკებმა ააფეთქეს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ და მათ ადგილას კინოთეატრი “რუსთაველი” და საცხოვრებელი სახლი აიგო.

აღსანიშნავია, რომ საყდარი ადრინდელი შუა საუკუნეების ძეგლს წარმოადგენდა და ფოტოებზე ასახული სახე (რუსული ტიპის გუმბათით) კალოუბნის ეკლესიამ XIX საუკუნეში მიიღო.

კალოუბანი იგივე კალობანი თბილისის ისტორიული გარეუბნის ერთ-ერთი მიკროუბანია და ეწოდებოდა იმ ტერიტორიას, რომელიც ყოფილი პიონერთა სასახლისა და ისტორიის მუზეუმის ირგვლივაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. პლატონ იოსელიანი გადმოგვცემს ისტორიას, რომლის მიხედვითაც, კალოზე, თემურ-ლენგის შემოსევისას, ბავშვები გაუთელავთ ცხენებით. ზოგიერთის აზრით კი ეს სახელი სიტყვა “კალაუბნიდან,” ანუ, “კალას უბნიდან” არის ნაწარმოები.

დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში
დაკარგული განძის ძიებაში