დაჭაობებული სკვერი რომელიც ბათუმის მერიას ნახევარ მილიონზე მეტი დაუჯდა

ორივე სკვერი, სავალალო მდგომარეობაშია. ადგილი სადაც მწვანე საფარი უნდა ყოფილიყო დაჭაობებულია.

ინფორმაცია დაუსრულებელი, ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.

ერთ-ერთი სკვერი, თამარ მეფის 20-ში მდებარეობს, სადაც სამუშაო შუა გზაშია მიტოვებული, მილები შადრევანთან ყრია, ხოლო ფეხით გადაადგილება შეუძლებელია, რადგან ირგვლივ ფილებია მიმოფანტული. სკვერის მოსაწყობად ბათუმის მერიიდან 693 605 ლარი გამოიყო.

რაც შეეხება მეორე სკვერს, რომელიც რელიგიის მუზეუმთან მდებარეობს, ასევე სავალალო მდგომარეობაშია, ვინაიდან ძირითადი ნაწილი გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით დაჭაობებულია. რაც შეეხება ბიუჯეტს: 327 655 ლარად უნდა მოეწყო კომპანია „ჯიზი გროუპს“, ვისთანაც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.

ორი სკვერის კეთილმოსაწყობად ხელშეკრულება 1 მილიონ 021 260 ლარზე გაფორმდა. ნახევარ მილიონზე მეტი – 524 267 ლარი კი, კომპანიისთვის უკვე გადახდილია.

„არის შემთხვევები, როცა სამუშაოები შეჩერებულია, ან მიმდინარეობს ნელი ტემპით,“ – აღნიშნულია გამაფრთხილებელ წერილში, რომელიც ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გაუგზავნა კომპანიას, როცა ის ვალდებულებებს არ ასრულებდა. ხელშეკრულება „ჯიზი გროუპთან“ 2022 წლის 23 თებერვალს შეწყვიტა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ.

ამ პერიოდში კომპანიას უკვე 78 155 ლარი პირგასამტეხლოს სახით ჰქონდა გადასახდელი.

გადაიხადა თუ არა პირგასამტეხლო სრულად კომპანიამ? რა თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს მერია კომპანიას? როგორ გაგრძელდა ამ სკვერების კეთილმოწყობის საქმე? ამ დრომდე უცნობია.