„ჩემი ქალაქი მკლავს“ – ინტერვიუ სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელთან
5 წლის განმავლობაში, 15 ათასამდე მოგვარებული პრობლემა...
5 წლის განმავლობაში, 15 ათასამდე მოგვარებული პრობლემა. სოცილური აქტივისტები, რომლებმაც საზოგადოებას დედაქალაქის გადარჩენის სურვილი გაუჩინეს. ეს ახალგაზრდები ყოველდღიურად სწორედ, თქვენი დახმარებით გიყვებიან იმ ძირითად პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, რაც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. დღეს სოციალური გვერდის აქტივობაში, 2 მლნ-მდე ადამიანია ჩართული. სამოქალაქო მოძრაობამ „ჩემი ქალაქი მკლავს“, საზოგადოება ყოველდღიურ საკითხებზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აალაპარაკა.
მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს” 5 წლის წინ გამოჩნდა. აქტივისტები ქალაქში გამონაბოლქვის შესამცირებლად, ყვითელი სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების ჩანაცვლებას ითხოვდნენ. ახლა კი უკვე ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების აღმოსაფხვრელად, ჰაერის, საკვებისა და წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად იბრვიან. დაარსებიდან დღემდე მათი გუნდი მუდმივად მუშაობდა საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების გამოსასწორებლად.
Kalaki.ge სამოქალაქო მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელს, გიორგი ჯაფარიძეს ესაუბრა.
– გიორგი, პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ შექმნის იდეით… რა იყო მთავარი მოტივაცია და რა აქტივობებს ახორციელებთ?
– „ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა შეიქმნა 2018 წელს და მისი შექმნის მიზანი იყო ყვითელი სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში, რომელსაც შავი გამონაბოლქვი ჰქონდა. შემდეგ, რომ დავიწყეთ ამაზე მუშაობა მომართვიანობა სხვადასხვა პრობლემებიდან გამომდინარე იმდენად მაღალი იყო, რომ ახლა უკვე ვმუშაობთ 14 სხვადასხვა მიმართულებით. მთავარი რა თქმა უნდა, ეკოლოგიური მიმართულებაა ასევე, სხვადასხვა ტიპის სოციალური საკითხები. ბევრი პროექტი გვაქვს. მაგალითად, ვიბრძვით უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ. ამ დრომდე თბილისის მასშტაბით 15 ათასამდე პრობლემა გვაქვს მოგვარებული. დასუფთავების აქციები გვაქვს. ამ დასუფთავების აქციების ფარგლებში, უკვე 1400 ტომარა ნაგავი გვაქვს მოგროვებული. ამ დრომდე 2 ეკო-წიგნი დავბეჭდეთ. 20 სკოლაზე მეტი შემოვიარეთ და დაახლოებით, 800 ბავშვთან გვქონდა უკვე კომუნიკაცია. შემდეგი ჩვენი აქტივობა არის ის, რომ პირველად საქართველოში ვიწყებთ, ჰაერის საზომი აპარატების წარმოებას და მონიტორინგს. აღნიშული პროექტი აქამდე არ განხორციელებულა. ასევე, მოვამზადეთ საკანონმდებლო ინიციატივა გამონაბოლქვთან დაკავშირებით. წინა წელს 30 500 ხელმოწერა შევაგროვეთ და წელს ალბათ, პირველი გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, კანონის ავტორები ვიქნებით.
– მოგვიყევით თქვენი გუნდის შესახებ… რა პროფესიის ადამიანები ხართ საერთო საქმისთვის გაერთიანებული?
– ჩვენ ვართ მოხალისეობრივი მოძრაობა. ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე კეთდება მოხალისეობრივად. ამ ეტაპზე გუნდში სხვადასხვა პროფესიის, სტუდენტიდან დაწყებული ლექტორებამდე დამთავრებული, 35 ადამიანია გაერთიანებული. მე კი „ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობის დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე ვარ, პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი. როგორც ასეთი პროფესიით ეკოლოგი არ ვყოფილვარ უბრალოდ, ამ მოცემულობამ და ცხოვრებამ გადამაწყვეტინა, რომ ამ მიმართულებით წავსულიყავი. მუშაობის პროცესში მივიღე გამოცდილება. ამ ეტაპზე, ლექციებს სხვადასხვა მიმართულებით ვკითხულობ, სკოლებში პრეზენტაციებს ვატარებ.
– თქვენი გადმოსახედიდან, რა არის დღეს დედაქალაქის ძირითადი პრობლემები?
– მთავარი პრობლემებია: საცობი, გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მასიური განაშენიანება, მწვანე სივრცის ნაკლებობა, ასევე, აგრესიული ცხოველები, წყლის პრობლემა, ქვის მშრალი მეთოდით დამუშავება. ჰაერის დაბინძურების კუთხით ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასევე, ჩვენ გვქონდა კამპანია სტრატეგიული განვითარების ცენტრთან ერთად, 10 ადამიანს ვინც ქვას მშრალად ამუშავებს, ფილტვის კვლევა ჩავუტარეთ. აქედან ხუთს, ფილტვის დაავადება დაუფიქსირდა, რომელიც არის მძიმე და შეუქცევადი პროცესი. დღეის მოცემულობით დაფიქსირებულია დაახლოებით, 90-მდე ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ფაქტი და აქედან მხოლოდ რამდენიმეა დაჯარიმებული.
– თქვენს „Facebook” გვერდზე გახმაურებულ საკითხებზე, ხდება თუ არა სახელმწიფო უწყებებიდან სწრაფი რეაგირება?
– ჩვენ გვაქვს ასევე ჯგუფი „ქალაქის პრობლემები“, სადაც ერთ სივრცეში, მასშტაბური საკითხების ფაქტები იდება, განსხვავებით, „ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობისაგან, სადაც 14 მთავარი მიმართულება დომინირებს. „Facebook” ჯგუფი „ქალაქის პრობლემები“ დღეს უკვე 22 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს, სადაც მერიის წარმომადგენლებიც არიან გაწევრიანებულნი. თბილისის მერია და გამგეობები, არსებულ პრობლემებზე თუ არ რეაგირებენ, ასეთ შემთხვევაში ვეკონტაქტებით და ვთხოვთ დახმარებას. ასე, რომ უკუკავშირი ასე თუ ისე მერიის მხრიდან გვაქვს.
– ძირითადად, რა პრობლემების მოგვარებაში გეხმარებიან სახელმწიფო უწყებები?
– რეაგირება არის დასუფთავებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების კუთხით. რეალურად მერიის მხრიდან, პატარ-პატარა და საშუალო პრობლემების პრევენცია ხდება. მასშტაბური პრობლემა, რაც არის, აქ ცოტა გვიჭირს ხოლმე. ამ შემთხვევაში დიდი დრო და რესურსია საჭირო, რომ პრობლემა მოგვარდეს.
– სატრანსპორტო პოლიტიკაც, ხომ ამ მასშტაბური პრობლემის ნაწილია?
– დიახ. რაც შეეხება სატრასპორტო პოლიტიკას – პირობითად, დღეს არსებულ „ავტობუსის ზოლებს“ ჩვენ ვეთანხმებით. ამ საკითხის მოწესრიგების შემდეგ, ჩვენი სურვილია, რომ ტრამვაი დაუბრუნდეს თბილისს. ეს პოლიტიკა თავიდან იმიტომ დაიწყეს, რომ ქალაქში შემცირებულიყო გამონაბოლქვი და მეტი ადამიანი გადასულიყო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. თუმცა, მივედით იქამდე, რომ დღეს არის გარდამავალი ეტაპი. ვერც საზოგადოებრივი ტრასპორტია გამართული და კერძო ავტომობილებითაც გვექმნება დისკომფორტი და საათობით ვდგავართ საცობში. ველოდებით, რომ დამთავრდეს ეს სატრანსპორტო დერეფანი, ჩამოიყვანონ ის ავტობუსები, რომელიც იდეაში 2 წლის წინ უნდა ჩამოეყვანათ და ვნახოთ, გამოსწორდება თუ არა მდგომარეობა, რადგან არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მგზავრების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მაშინ, როდესაც მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ კერძო ავტომობილები გააჩერონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ, რეალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირობებში, საერთოდ კოლაფსი მოხდება. თბილისის მერიას მძღოლისთვის ალტერნატივა არ აქვს შეთავაზებული, ამიტომ ეს პროცესები ცოტა უნდა დააჩქარონ.
– ბოლო პერიოდში თქვენს გვერდზე იდებოდა, რომ ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი შედარებით გაუმჯობესებული იყო. რამ იქონია გავლენა?
– მთავარი შედეგი იყო ქარი. ამ ეტაპზე, ამინდზე ვართ დამოკიდებული და მეტი არაფერზე. რიგითი ქმედითი ნაბიჯები ჰაერის გაუჯობესების კუთხით, ჯერ არ არის გადადგმული. თუმცა, პარლამენტთან ერთად შექმნილია თბილისში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც ვართ ჩვენ. უახლოეს მომავალში დადგინდება ჰაერის დამაბინძურებლები. კვლევა უკვე დაწყებულია და დაახლოებით, ერთ თვეში იქნება ამის შედეგებიც, რაზე დაყრდნობითაც უკვე დაიწყება მუშაობა. შემდეგ ჩვენ გავცემთ რეკომენდაციებს, საკანონმდებლო ინიციატივებს წარვადგენთ და შედეგად მოხდება თბილისში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება.
– საზოგადოება რამდენად აქტიურია? როგორ ამყარებთ კომუნიკაციას მოსახლეობასთან?
– საზოგადოება საკმაოდ ჩართულია. ყოველდღიურად დაახლოებით, 50-დან 100-მდე ადამიანი გვწერს სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ამ დრომდე 15 ათასამდე პრობლემა გვაქვს მოგვარებული. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, პრობლემის იდენტიფიცირება და მოგვარება. ჩვენი გაკეთებული საქმეებიდან გამომდინარე გვაქვს საზოგადოების ნდობა და ჩვენც ვცდილობთ, რომ ის პრობლემები რაც არის, მაქსიმალურად იქნას მოგვარებული. რაღაც საკითხებში მერიასთან პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს, რომ დროულად მოხდეს რეაგირება. ზოგ მათგანს, ჩვენს ჯგუფში, თბილისის მერია აკვირდება და ახდენს რეაგირებას. უკუკავშირი სხვადასხვა სტრუქტურებიდანაც გვაქვს: თბილსერვისი, მუნიციპალური ინსპექცია, გამგეობები. როდესაც უწყებებს მივმართავთ, ისინი ცდილობენ, რომ პრობლემა შეძლებისდაგვარად მოაგვარონ. ამის მონიტორინგსაც უახლოეს მომავალში დავიწყებთ, ვინ არიან ყველაზე აქტიური სამსახურები და ვინ პასიურები.
– რა საკითხში შეაქებდით ადგილობრივ მთავრობებს და რაში გაკიცხავდით?
– შექების კუთხით, ერთი რაც შეიძლება ითქვას გამწვანებაა. ამ მხრივ მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია. ეკოლოგიური მიმართულებით უფრო მეტი თანხა იხარჯება, გამწვანებაში. დანარჩენი რაშიც არ შევაქებდი ესენია: მასშტაბური განაშენიანება, საზოგადოებრივი ტრასპორტის გაუმართაობა, საცობები, გზები რომ არ ირეცხება ყოველდღიურად, ასევე ნარჩენების მართვა, ნარჩენების გადახარისხება არ ხდება.
– როგორი წარმოგიდგენიათ დაახლოებით, 5-10 წელიწადში თბილისი?
– თუ იქნება საზოგადოების ჩართულობა და მმართველი ორგანოების მხარდაჭერა, 5-10 წელიწადში ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი გვექნება, რისთვისაც ვიბრძვით. ოღონდ ამ განვითარების ტემპით არა. აუცილებელია, რომ ტემპი აჩქარდეს. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ, რომ ეს შედეგი დავდოთ. თუ სწორად მოხდა ქალაქის განვითარება მივიღებთ ეკოლოგიურად სუფთა თბილისს, ტრამვაის, ნაკლებ მშენებლობასა და მასშტაბურ გამწვანებას.