ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს სახელობის ქართული ჩაის სახლ-მუზეუმი გაიხსნება

ჯინ ჯაოს პირველი იყო, ვინც აჭარაში, და შემდეგ გურიაში, ჩაის კულტურა შემოიტანა - განაცხადა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა. როგორც ირკვევა, ქართული ჩაის მუზეუმი ჩაქვში მომავალ წელს გაიხსნება.

ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს სახელობის ქართული ჩაის სახლ-მუზეუმი გაიხსნება

„2025 წელს ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს სახლი, რომელიც ამ დრომდე მიტოვებული და სახელმწიფო ქონება იყო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადმოეცა მართვაში. 2025 წელს ჩაქვში ჯინ ჯაოს სახელობის ქართული ჩაის სახლ-მუზეუმს გავხსნით. ჯინ ჯაოს პირველი იყო, ვინც აჭარაში, და შემდეგ გურიაში, ჩაის კულტურა შემოიტანა. ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან ერთად, ვისთანაც პეკინში მიმდინარე წლის აპრილში ვიმყოფებდით, მუზეუმის შიდა ინტერიერის მოსაწყობად, რიგი სამუშაოებია დაგეგმილი. ჩაის მუზეუმს ლედ-ტექნიკით ჩინური მხარე აღჭურავს, ლაო ჯინ ჯაოს შთამომავლები აპირებენ, რომ გარკვეული კონტრიბუცია გაიღონ მუზეუმის კეთილმოწყობაში“, – განაცხადა ზაურ ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში ჩაქვში, ლაო ჯინ ჯაოს სახლი და 1379 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ საკუთრებაში ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადასცა. ბრძანება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 11 სექტემბერს აქვს გამოცემული.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პორტალზე აღნიშნულია, რომ ამ სახლში ჩინელი მეწარმე – ლაო ჯინ ჯაო მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში ცხოვრობდა. ის ბათუმში 1893 წლის 4 ნოემბერს, 9 ჩინელ ჩაის სპეციალისტთან ერთად, რუსი ვაჭრის, პოპოვის მოწვევით ჩამოვიდა. ლაომ ჩინეთიდან რამდენიმე ათასი ჩაის ნერგი და ასობით ფუთი ჩაის თესლი ჩამოიტანა, 3 მამულში დაიწყო მუშაობა და 3 წელიწადში 200 ფუტი ჩაი მოიყვანა. მის სახელს უკავშირდება ჩაის ნერგების ორანჟერეისა და ჩაის გადამმუშავებელი პირველი მცირე ფაბრიკის შექმნა.