ბათუმში “ჭაჭის შადრევნებიანი კოშკის“ დემონტაჟი განხორციელდება – რა გეგმები აქვს ბათუმის საკრებულოს

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, - „ჭაჭის შადრევნებიანი კოშკი“ არის უფუნქციო, ამორტიზებული და პროექტის ფარგლებში საჭიროებს გონივრულ განვითარებას." როგორ განვითარდება და რა განთავსდება მის ნაცვლად შავი ზღვისპირა ქალაქში, ამის შესახებ განხილულ დოკუმეტებშია საუბარი.

ბათუმში “ჭაჭის შადრევნებიანი კოშკის“ დემონტაჟი განხორციელდება – რა გეგმები აქვს ბათუმის საკრებულოს

დოკუმენტში ვკითხულობთ: „საპროექტო ტერიტორია მოიცავს ადგილს, სადაც განთავსებულია „ჭაჭის შადრევნებიანი კოშკი“ და ეს ტერიტორია აღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში არის უფუნქციო, საჭიროებს გონივრულ დაგეგმვას და განვითარებას. დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს ამორტიზებული და უსახური „ჭაჭის შადრევნებიანი კოშკის“ დემონტაჟს.

საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს ბულვარზე განთავსებულია ბათუმის ისტორიული შუქურა და „ეშმაკის ბორბალი“, აქვე ახლოს დგას „ანბანის კოშკი“. განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით აღებული ტერიტორიის განვითარება, ზღვისპირა პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობა და იახტკლუბის განვითარება“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიას პარკის რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულება და „ჭაჭის შადრევნებიანი კოშკის“ დემონტაჟის განხორციელება დაევალა.

შეგახსენებთ, რომ , „ჭაჭა თაუერი“ 2012 წელს აშენდა. პროექტზე, რომელიც ქართველმა და ესპანელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს, 810 ათასი ლარი დაიხარჯა. კოშკის გარშემო განთავსებულია ოთხი შადრევანი, საიდანაც გარკვეულ პერიოდში ჭაჭა მოედინება.