თბილისში ახალი ბინების გაყიდვები გაიზარდა, ძველის კი შემცირდა
2023 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 846 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით მხოლოდ 1%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2023 წლის ივნისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 9%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა.
„2023 წლის ივნისში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 58%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა 1 626 ერთეულამდე.
2023 წლის პირველ ნახევარში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის პირველ ნახევარში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში და ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში კი 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“- ვკითხულობთ კვლევაში.