Galt&Taggart-ივლისში ბინების გაყიდვები თბილისის ცენტრალურ უბნებში შემცირდა, ხოლო გარეუბნებში მკვეთრად გაიზარდა
Galt & taggart-ის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისში თბილისში 3 656 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.7%-ით, თვიურ ჭრილში კი 7.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
გაყიდვები გაიზარდა პირველად ბაზარზე, თუმცა შემცირდა მეორად ბაზარზე. საბოლოო ჯამში, ორგანიზაციის განცხადებით, მცირე კლების მიუხედავად, ბაზარზე მოთხოვნა ჯანსაღი რჩება.
მიმდინარე წლის ივლისში გაყიდვები შემცირდა თბილისის ყველა ცენტრალურ უბანში (საბურთალო, ვაკე, მთაწმინდა), ხოლო გარეუბნებში სამგორში, დიდი დიღომსა და ნაძალადევში მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ფასს, ივლისში ფასი პირველად ბაზარზე წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა. ფასი ასევე გაიზარდა მეორადი ბაზრის ძველ ბინებზე 2.7%-ით წინა თვესთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში ჯამში 256.3 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა. ეს წლიურად 14.5%-იანი ზრდაა და Galt & taggart-ის განცხადებით, ძირითადად წინა წელთან შედარებით გაზრდილი ღირებულებითაა განპირობებული.
კვლევიდან ირკვევა, რომ 2023 წლის ივლისში ყველაზე მეტი ბინა 51 – 80 კვ.მ სეგმენტში გაიყიდა. მთლიანი გაიდვების თითქმის ნახევარი სწორედ ამ ფართობის ბინებზე მოდის. 32%-ით კი მეორე ადგილზეა 26 – 50 კვ.მ. ფართობის ბინები.