რა ბედი ელის ბათუმში უნებართვოდ აშენებულ შენობებს და რას შეცვლის გენგეგმა?
გასულ კვირას შპს „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ საზოგადოებას ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებული კვლევის ნაწილი და განვითარების ხედვა წარუდგინა. დისკუსიის დროს მოქალაქეების კითხვები ბევრ პრობლემურ საკითხს შეეხო.
გენგეგმაში კვლევითი ნაწილის განხილვისას სპეციალისტებმა აღნიშნეს ასევე, რომ ქალაქისთვის 3000-ზე მეტი შეუსაბამო ნაგებობაა ბათუმში. თუმცა ჯგუფმა ვერ დააკონკრეტა, ეს შენობები ნებართვით არის აშენებული თუ უკანონოდ?
„ამის შემოწმება იმიტომ არის შეუძლებელია, რომ ორი განსხვავებული ბაზაა, რომლის შედარებაც ვერ ხდება – რეესტრი არ აახლებს ბაზებს ისე ხშირად, როგორც ჩვენ ვაახლებთ. რეესტრის მასალებში, მაგალითად, ზოგიერთი ობიექტი, რაც რეალურად არსებობს, აღრიცხული არ იყო. ამიტომ ჩვენ განმეორებით ჩავატარეთ კვლევა და ის რუკები და მასალები, რაც გვაქვს წარმოდგენილი, რეალობას სრულად ასახავს.
ბევრს მისამართები შეცვლილი აქვს, მათ შორის საკადასტრო ერთეულებიც იცვლება. სამწუხაროდ, ამ ბაზაზე წვდომა არ გვაქვს. ამიტომ, ჯერჯერობით, ამ ორის შედარება ერთმანეთთან შეუძლებელია. ჩვენ ვამბობთ: ეს ბაზები რომ გაერთიანდეს, საინფორმაციო სისტემა უნდა არსებობდეს ბათუმში“. განაცხადა შპს „სითი ინსტიტუტი საქართველო-ს” წარმომადგენელმა.
kalaki-ge ბათუმის ერთ-ერთ ბაცხოვრებელს დაუკავშირდა, რომელსაც 65 კვატრატი, საცხოვრებელი სადაც ამჟამად ცხოვრობს უნებართვოდ აშენდა. ჩვენ ვკითხეთ მიიღო თუ არა მან ქალაქის მთავრობისგან რაიმე სახის გაფრთხილება?
“მე და ჩემს ოჯახს, უსახსრობის გამო სხვა გამოსავალი არ გვქონდა ამიტომ მოგვიწია, უნებართვოდ აშენება პატარა სახლის, თუმცა ბუნებრივია მუდმივად გვაქვს შიში, რომ ერთ დღეს საცხოვრებელს დაგვატოვებინებენ, ჩვენს მეზობლად ააშენეს დიდი სახლი, როგორც მოგვიანებით გავიგეთ იმ ადგილზე წესით ნებართვა მერიას არ უნდა გაეცა, თუმცა ასე არ მოხდა ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურ შიშს კიდევ უფრო ამწვავებს და გვიჩნდება კითხვა ამ შემთხვევაში ხომ არ არის შერჩევითი სამართალი?” განაცხადა ჩვენთან საუბრისას ბატონმა მერაბმა.
ჯერჯერობით გაურკვეველია უნებართვოდ აშენებული შენობების ბედი. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ამნისტიის პროექტი მხოლოდ იმ შენობებს ეხება, რომლებიც ნებართვის პირობების დარღვევით აშენდა და არა საერთოდ უნებართვოდ, უკანონოდ აშენებულ შენობებს.