ბათუმში მშენებლობის ისტერია გრძელდება-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება
ვინც ფიქრობთ, რომ შავი ზღვისპირა ქალაქში, ბათუმში, მიწის ნაკვეთი აღარ დარჩა სადაც მრავალსართულიანი კორპუსი არ ჩაიდგა, გეტყვით რომ შენებლებმა გამოსავალი იპოვეს. თავისუფალი მიწა მართლაც აღარ არის, თუმცა ბათუმის ძველ უბანში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ზონის სტატუსი აქვს, ალაგ-ალაგ დარჩა ძველი სახლები, რომლთა ადგილასაც უკვე იწყება ისტერიული მშენებლობა. ამ ფოტოებით, რომელიც ახალი კორპუსის რენდერს წარმოადგენს ადვილად მიხვდებით თუ რა ელის ბათუმის ძველ ნაწილს.
მედია საშუალება “ბათუმელების” ინფორმაციით: “ბათუმში, გორგასლის #59/61- ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაში, ბელეტაჟებს ანგრევენ. აქ ბელეტაჟების ნაცვლად 19-სართულიანი კორპუსი უნდა ააშენონ. მშენებლობას შპს „თაუერ ჯგუფი გორგასალი“ ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში გეგმავს. სამშენებლო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, გორგასლის #61-ში, ერთსართულიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კომპანია მერიას წერს, რომ ძეგლი შეისყიდა და მის აღდგენას გეგმავს. სამუშაოები უკვე დაწყებულია. საინფორმაციო დაფაზე აღნიშნულია, რომ გაცემულია ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ნებართვა, თუმცა უცნობია, ეს ითვალისწინებს მთლიანად ძეგლის თუ მხოლოდ ფასადის შენარჩუნებას – ეს ტენდენცია ბათუმში ბოლო წლებში დაამკვიდრეს.”- წერს “ბათუმელები”
საბოლოოდ სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი? ბათუმი გადაიქცა ე.წ. ბეტონის ქალაქად, რომელმაც იერ-სახე დიდი ხანია დაკარგა. ახლა კი როგორც ჩანს ქალაქის ის ერთადერთი ძველი ნაწილი იკარგება, რომელიც ბათუმის ისტორიას ინახავდა.