ბათუმში უკანონო მშენებლობები ახალი კანონით დაკაკონდება
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების ექსპლუატაციაში მიღების წესს განსაზღვრავს. კანონპროექტს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8-მ კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
პროექტის მიხედვით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს უნდა დაემატოს 141/7 მუხლი, რაც სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის დამტკიცებასაც გულისხმობს.
ამ წესის მიხედვით, მშენებლობის ზედამხედველობის ორგანო, როგორიც არის, მაგალითად, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს [ჩაიბაროს] შენობა, რომელიც ნებართვით, თუმცა შეთანხმებული პროექტის დარღვევით აშენდა.
შენობის ჩასაბარებლად კომპანიას მოუწევს მერიას ამ წესით მოთხოვნილი დოკუმენტები წარუდგინოს.