ბათუმში ბინების ყიდვა-გაყიდვა 31%-ით შემცირდა
შავი ზღვისპირა ქალაქში, გასული წლის სექტემბერში 1 685 ბინა გაიყიდა, წელს გაყიდული ბინების ოდენობა იმავე თვეში 1 163-ია.
ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის კვლევას Colliers Georgia აქვეყნებს.
ამავე კვლევის მიხედვით, ბათუმში 2023 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 32%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი, 20%-იანი კლება დაფიქსირდა.
Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში 7%-ით გაიზარდა ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი და კვ.მ-ზე 940 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 13%-ით, 751 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
Colliers Georgia ასევე აქვეყნებს კვარტალურ მონაცემებს.
ამ მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის III კვარტალთან შედარებით 18%-ით, ბაზრის ზომა კი 19%-ით შემცირდა და 164 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„ბათუმში 2023 წლის III კვარტალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 23%-იანი კლება დაფიქსირდა.
2023 წლის III კვარტალში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი 15%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 969 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 7%-ით, 711 აშშ დოლარამდე გაიზარდა,“ – ნათქვამია Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.