Colliers Georgia -ბათუმში ახალი ბინების გასაყიდი ფასი გაიზარდა, ძველი ბინების კი შემცირდა
Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 23%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 32%-იანი კლება დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბათუმში, 3 374 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 24%-ით ჩამორჩება.
წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 945 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 6%-ით, 685 აშშ დოლარამდე შემცირდა.
მარტში ახალაშენებული ბინების შემთხვევაში გაყიდვები 18%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი 28%-ითაა შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ ახალაშენებული ბინების ფასი 10%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 992 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების კი 2%-ით, 689 აშშ დოლარამდე შემცირდა.