ბათუმში ახალი პარკი გაშენდება, პროექტი “ჭაჭა თაუერის” კოშკის მიმდებარედ განხორციელდება
ბათუმის საკრებულომ შპს “ბათუმი რივიერას” მიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობის კონცეფცია დაამტკიცა. ახალ პარკში შენარჩუნდება არსებული ხეები და დაემატება მრავალი ახალი სხვადასხვა ჯიშის ხე, ბუჩქი და დეკორატიული მცენარე. ბათუმელებს და პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ პადელის ორი კორტი, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო და ველო-ბილიკები.
“ბათუმში ახალი პარკის პროექტირებისთვის ლანდშაფტის დიზაინის წამყვანი დანიური კომპანია “MASU Planning” მოვიწვიეთ. სწორედ მათი პარტნიორია ცნობილი იაპონური არქიტექტურული სტუდია კენგო კუმა არქიტექტსი (KKAA), რომელიც სილქ თაუერსის პროექტზე უკვე მუშაობს. ამ ორ კომპანიას ბევრი წარმატებული ერთობლივი პროექტი აქვს განხორციელებული მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქში. ბათუმსაც შეემატება თანამედროვე, მდგრადი არქიტექტურის პრინციპებით მოწყობილი პარკი, სადაც ბათუმელები და ქალაქის სტუმრები დაისვენებენ და ისიამოვნებენ ბათუმის სანაპიროს და ქალაქის სილამაზით. ეს პარკი ქალაქის საკუთრება იქნება და დარწმუნებულები ვართ, ბათუმის ურბანული სივრცის ორგანული ნაწილი გახდება”, – განაცხადა ალექსანდრე ტოგონიძემ, “ბათუმი რივიერას” დირექტორმა.
პროექტი აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგემება.