ბათუმში ავარიული სახლი მრავალსართულიანი კორპუსით ჩანაცვლდება-სამშენებლო ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია
ბათუმში, რუსთაველის #37-ში, სამშობიარო სახლის გვერდით, რვასართულიანი მრავალბინიანი კორპუსი აშენდება, პროექტი ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დამტკიცდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია, მომიჯნავედ კი სამშობიარო სახლი მდებარეობს, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს.
დოკუმენტით ირკვევა, რომ პროექტის დამტკიცებას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაეთანხმნენ. გარდა იმისა, რომ კორპუსი ძეგლის დაცვის ზონაში შენდება, პროექტი ისტორიული სახლის დემონტაჟსაც ითვალისწინებს.
ვინაიდან ახალი კორპუსი ძეგლთა დაცვის ზონაშია, სამშენებლო კოდექსი არ უშვებს 381 კვ.მეტრზე 9-სართულიანი კორპუსის მშენებლობას. შესაბამისად, კომპანიას არ შეეძლო სამშენებლო ნებართვის მიღება, რომ არა ავარიული სახლების პროგრამა. სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, პროექტის განაშენიანების ფართობი 2636.4 კვ.მეტრია, საერთო ფართობი 2229.5 კვ მეტრი, საცხოვრებელი ფართობი 1241 კვ.მეტრი. ნებართვა 2024 წლის 26 თებერვლით თარიღდება.