ბათუმისა და ბორჯომის იერსახის გასაუმჯობესებლად მილიონობით ლარი დაიხარჯება-როგორია ტენდერების პირობები
საქართველოს მთავრობამ 300 მილიონი ლარის ღირებულების 2 ტენდერი გამოაცხადა - მათგან პირველი ბათუმის იერ-სახის განვითარებას ითვალისწინებს და მისი ღირებულება 200 მილიონი ლარია. მეორე კი ქალაქ ბორჯომის განვითარებას ითვალისწინებს და მისი ღირებულება 100 მილიონი ლარია.
ორივე ტენდერის პირობები მსგავსია, მუნიციპალური განვითარების ფონდს პრეტედენტმა უნდა წარუდგინოს საკუთარი იდეა და ხედვა თუ რა სახით გეგმავს კონკრეტული ქალაქის განახლებას.
სატენდერო პირობები ასეთია:
“ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში/ბორჯომში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება.
ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქალაქ ბორჯომის ლოკაცია რაც მოიცავს: ლოკაციის ესკიზის/კონცეფციის შემუშავებას, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას და ესკიზისა და პროექტით განსაზღვრული სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას; ლოკაციების რეაბილიტაციის მიზნით ესკიზის შემუშავების დროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ რეგიონის მახასიათებელი ნიშნებისა და კულტურული თავისებურებების შენარჩუნება/გათვალისწინება და ესკიზში ასახვა, რომელ რეგიონსაც განეკუთვნება დანართში წარმოდგენილი ლოკაციები. დავალება არ გულისხმობს ობიექტების არსებული იერსახის სავალდებულოდ შენარჩუნებას.სარეაბილიტაციო. მიმწოდებელი ვალდებულია, ესკიზების მომზადებისას, გაითვალისწინოს სარეაბილიტაციო ობიექტების იერსახის განახლება (საჭიროების შემთხვევაში), ამ ობიექტების ფუნქციური დანიშნულების, ისტორიული ან/და კულტურული თავისებურებების და არქიტექტურის თანამედროვე/ინოვაციური მიდგომების შესაბამისად,”- ნათქვამია დოკუმენტაციაში.
ტენდერში წინადადებების წარდგენა 29 აგვისტოს ჩათვლით არის შესაძლებელი.