ელექტრომობილები, საზღვაო ტაქსები, სკუტერები, ელექტროავტობუსები, ველოსიპედები როგორ გადაადგილდებიან ბათუმის კუნძულზე
როგორი იქნება Ambassadori Batumi Island-ი, ხელოვნური კუნძული, სადაც მხოლოდ ელექტრომობილებით, საზღვაო ტაქსებით, სკუტერებით, ელექტროავტობუსებითა და ველოსიპედებით გადაადგლება იქნება შესაძლებელი.
ინფორმაციას Ambassadori Batumi Island-ი ავრცელებს.
„ბათუმის კუნძულის გენერალური განაშენიანების გეგმაზე მუშაობისას, თანმიმდევრული დაგეგმარების მიმართულებით თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, კომპანია ARUP ხელმძღვანელობდა პროექტირების რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპით:
ეკოლოგიური მდგრადი სატრანსპორტო სისტემა – მიკრო მობილურობა და ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირება წარმოადგენს ტერიტორიის ერთ-ერთ უპირატესობას. ელექტრომობილები, საზღვაო ტაქსები, სკუტერები, ელექტროავტობუსები, ველოსიპედები გადაადგილების მთავარი სატრანსპორტო საშუალებები იქნება.
სანაპირო ზოლის მომხიბვლელობა მთელი წლის განმავლობაში – გამომდინარე იქიდან, რომ ეს იქნება ბათუმის ახალი ტურისტული ცენტრი, სანაპირო ზოლი იქნება კუნძულის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მათ ექნებათ შესაძლებლობა დაკავდნენ მრავალფეროვანი აქტივობებით მთელი წლის განმავლობაში.
ლურჯ-მწვანე ინფრასტრუქტურა – კუნძულს ექნება კარგად განვითარებული ლურჯ-მწვანე ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნის ახალ ლანდშაფტს და ინტეგრირებულ ეკოსისტემას მოსახლეობისთვის,“- ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პროექტი „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმის ზღვისპირის სივრცეში, “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.