ბათუმის სტადიონთან სამი მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება
ასევე საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების გეგმის კონცეფცია, რომელიც ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან 40-სართულიანი კომპლექსის მშენებლობას გულისხმობს.
მრავალსართულიანი, კორპუსები ბათუმში, მელიქიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, ყოფილი „უნივერსამის“ ტერიტორიაზე აშენდება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ბათუმის სტადიონთან კიდევ სხვა კომპანიებიც გეგმავენ მრავალსართულიანი კორპუსების აშენებას.
საგულისხმოა, რომ ბათუმის საკრებულომ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა განაშენიანების გეგმა, რომლის კონცეფცია არ მოიცავს დაგეგმილი სამშენებლო პროექტის ზუსტ პარამეტრებს, თუმცა მასში მოცემულია საორიენტაციო პარამეტრები. სწორედ ამ პარამეტრების მიხედვით ბაგრატიონის #135-ში მინიმუმ 40-სართულიანი კორპუსი აშენდება, რომელიც 755 ბინას გააერთიანებს. ამას დაემატება კომერციული ფართობებიც. შენობის სიმაღლე 130 მეტრი იქნება.
კონცეფციაში მოცემული ინფორმაციით, კომპანია ააშენებს ერთ მიწისქვეშა სართულს, სადაც პარკინგს მოაწყობენ, პირველ ორ სართულზე კი კომერციული ფართობები იქნება.
ამ სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ, მშენებლობას გეგმავს ასევე შპს „სთარ არ ჯი“. ეს კომპანია 13 914 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს საკუთრებაში ჟიული შარტავასა და ასლან აბაშიძის 16ა-ში.