ბათუმის ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი იცვლება – როგორ იქნება დაცული მესაკუთრეთა უფლებები
განკარგულების პროექტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები ქალაქის მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა. ეს წესი ავარიული სახლების ჩანაცვლების პირობებსა და პროცედურას დაარეგულირებს. უწყების განმარტებით, ავარიული სახლების პროგრამის ამოქმედების შემდეგ ბევრი ხარვეზი გამოიკვეთა, სწორედ ამიტომ გახდა, წესში ცვლილების შეტანა აუცილებელი.
ახალი წესის მიხედვით, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის, თუ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს საკუთრება დარეგისტრირებული არ აქვს, ასეთ შემთხვევაში საკითხის განხილვაში აჭარის მთავრობა ჩაერთვება. ” „ავარიული სახლების ჩანაცვლებისას, როდესაც საცხოვრებელი ფართის მოსარგებლეს საცხოვრებელი არ აქვს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული და კონკრეტული ფართი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, სახელმწიფო ან აჭარის საკუთრებას, სანაცვლო საცხოვრებელი ფართები გაიცემა აჭარის მთავრობის ან სახელმწიფო ორგანოების ჩართულობითა და მათი გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი მიმართვის საფუძველზე.“ ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმ შემთხვევაში, თუკი ავარიული სახლის ახალი შენობით ჩანაცვლება მოხდება, მესაკუთრეს გადაეცემა იმავე ოდენობის კვადრატულობა, რაც მას ძველ საცხოვრებელში ჰქონდა. (როგორც რეგისტრირებული, ისე დაურეგისტრირებელი ან ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული ანაზომის მიხედვით).ახალ შენობაში ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდის გამოყენებისას, დაინტერესებულ პირს, საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია გადაეცეს გაზრდილი ფართობი არაუმეტეს 15 კვ.მ-სა.ავარიული სახლის ჩანაცვლებისას დაინტერესებულ მხარესა და ბათუმის მერიას შორის გაფორმდება ხელშეკრულება. მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ვალდებულება უწყებას ენიჭება. ახალი წესის ცვლილების შესახებ მერიამ ქალაქის საკრებულოს მიმართა, ახალი წესის განხილვა კი ბათუმის საკრებულოში დღეს მოხდება.