რა ეტაპზეა რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობის სამუშაოები
თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური, პროექტი მიმდინარეობს, რომელიც რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობას გულისხმობს. პროექტი 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.



თბილისის მერიის ინფორმაციით, საბაგირო გზაზე დასრულებულია ანძების მონტაჟი და ზედა სადგურის კონსტრუქციის მოწყობა. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ქვედა სადგურის ბაქნის მოწყობისა და გადახურვის სამუშაოები.
„ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება. ეს არის ახალი საბაგირო, რომელიც რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას დააკავშირებს მთაწმინდასთან. სამუშაოები ზაფხულის ბოლოსთვის დასრულებული უნდა იყოს. ხუთივე საყრდენი დაყენებულია. მომდევნო დღეების განმავლობაში გაიჭიმება ბაგირები. გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს მიმღები სადგურების სარემონტო სამუშაოები. ძალიან კარგია, როგორ ტურისტული თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რადგან რუსთაველიდან მთაწმინდაზე საბაგიროთი ასვლა 4 წუთში იქნება შესაძლებელი. საათში დაახლოებით 1 200 მგზავრი შეძლებს გადაადგილებას. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში ეს ისტორიული პროექტი აღდგა“, – განაცხადა კახა კალაძემ.



აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე იმოძრავებს 21 გონდოლა, გზის დაფარვის დრო იქნება 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი – 845,55 მ. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარი დაიხარჯება.