თბილისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რომელიც საბურთალოზე ქავთარაძისა და უნივერსიტეტის ქუჩებს ერთმანეთთან დააკავშირებს
საბურთალოზე, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერის განმარტებით, პროექტის შედეგად ბაგები-წყნეთიდან უნივერსიტეტის ქუჩისკენ წამოსული ნაკადები გადანაწილდება და მოძრაობა განიტვირთება.
„დავიწყეთ ახალი პროექტი, რომლის განხორციელების შედეგად, ბაგების ახალი ხიდიდან მომავალ ავტომობილებს პირდაპირ დააკავშირებს ქავთარაძის ქუჩასთან, შავიშვილის ქუჩის გავლით. ბაგები-წყნეთიდან წამოსული ნაკადები ძირითადად უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით მიდის. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე მოხდება ნაკადების გადანაწილება და მოძრაობის განტვირთვა. სამუშაოები მომავალი წლის იანვარში მთლიანად დასრულებული იქნება. პირველ მონაკვეთზე გვირაბი გაკეთდება, რომელიც შავიშვილის ქუჩას გაივლის და ქავთარაძის ქუჩას დაუკავშირდება.
პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ქალაქში მსგავსი სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გვირაბი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და გასასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული.