თბილისის სატრანსპორტო კომპანია მობილურ აპლიკაციას ცვლის – ძველი სერვისით ვეღარ ისარგებლებთ
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ახალი მობილურური აპლიკაცია შექმნა. ძველი სერვისი 31 მაისიდან გაითიშება.
“მობილური აპლიკაციის აქტიურ მომხმარებელთა უმრავლესობა, ორივე პლატფორმაზე, განახლებულ აპლიკაციას იყენებს, თუმცა მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი კვლავ ძველი სერვერების მომხმარებელია.
მიმდინარე წლის 31 მაისიდან ძველი სერვერები გაითიშება და აპლიკაციების მანამდე არსებული ვერსიები ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამიტომ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ისარგებლონ აპლიკაციის განახლებული ვერსიით, რომლის გადმოწერასაც შეძლებენ, როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლები.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი – ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი. აღნიშნული აპლიკაცია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს.
განახლებული საინფორმაციო ვებგვერდითა და აპლიკაციით უკვე შესაძლებელია მგზავრობის დაგეგმვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმება. აპლიკაციის ახალი ვერსია მგზავრებს ასევე, სთავაზობს მარშრუტების სხვადასხვა ალტერნატივას, რომელიც ავტობუსების რეალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებითაა შედგენილი”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.