ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილი მაჩვენებელი – დარგის ექსპერტები პრობლემის აღმოფხვრის გზებზე საუბრობენ
ავტოსაგზაო შემთხვევებისა და დაღუპულთა თუ დაშავებულთა შესახებ ცნობები, თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება
ავტოსაგზაო შემთხვევებისა და დაღუპულთა თუ დაშავებულთა შესახებ ცნობები, მედია საშუალებებითა და სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით, თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა იმაზე მეტად საგანგაშოა, ვიდრე ჩვენ ამას საინფორმაციო საშუალებების დახმარებით ვგებულობთ. საკითხი, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა, სპეციალისტების მხრიდან მუდმივი განხილვის საგანია.
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაშავებულთა და დაღუპულთა სტატისტიკა მზარდია. მხოლოდ 2023 წელს ავარიებს 442 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ კი – 7 310 ადამიანს მიაღწია. 2022 წელს, ავტოკატასტროფებში დაიღუპა 430 ადამიანი, დაშავდა – 7 517.
ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ 2019-2020 წლებში შემცირდა – ამ დროს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოქმედებდა, მათ შორის ავტომობილით მოძრაობაზეც. სტატისტიკის თანახმად, ათასი საავტომობილო შემთხვევა საშუალოდ, 100 ადამიანს კლავს და 1000-ზე მეტს ასახიჩრებს.
ავარიების დროს დაღუპულთა მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზე რჩება. კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, კლების ტენდენცია არ შეინიშნება. მხოლოდ 2024 წლის პირველ კვარტალში, ავტოსაგზაო შემთხვევებმა, 93 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. იანვარ-მარტში 1 136 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 40 ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი კი სიმთვრალე იყო. ამასთან, წლის პირველ სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებში 1 495 ადამიანი დაზარალდა.
საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა რეგიონული დანაყოფების მიხედვით (2024 წლის I კვარტალი) შემდეგნაირად გამოიყურება:
ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს შორის, წლებია დომინირებს ავტომობილის მართვა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა და დისტანციის დაუცველობა. მხოლოდ 2023 წელს 13 ადამიანი დაიღუპა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლის დაუდევრობით, 67 კი სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეულ ავარიას ემსხვერპლა.
2023 წლის სტატისტიკის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზების ჩამონათვალი ასეთია:
სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 158 შემთხვევა; სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ – 3; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება – 349; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – 356; საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა – 227; მოძრაობის დაწყების მანევრი – 94; მოხვევის მანევრი – 216; მობრუნების მანევრი – 22; უკუსვლით მოძრაობა – 53; გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა – 92; ქ/მ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა – 269; მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა – 14; ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა – 5; დისტანციის დაუცველობა – 349; სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერების წესების დარღვევა – 7; განლაგების წესის დარღვევა – 19; რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა – 1; სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა – 2709.
ავტოსაგზაო შემთხვევები განსაკუთრებით დიდია ქვეითად მოსიარულის შეჯახებისას. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაშავებულთა მხრივ 2019 გვქონდა – 1 468. 2023 წლისთვის კი ამ მაჩვენებელმა 1 627-ს მიაღწია.
ავტოსაგზაო შემთხვევები მოტოციკლების მონაწილეობით – გასულ წელს ამგვარ შემთხვევას 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა – 682. მაშინ, როდესაც 2019 წელს 212 შემთხვევა ფიქსირდება.
ბოლო წლებში საშუალოდ ავარიების მსხვერპლთა რაოდენობა წლიურად 500-ს აღწევს. ციფრებს ექსპერტები საგანგაშოდ მიიჩნევენ და რამდენიმე მიმართულებით რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვენ. განსაკუთრებული აქცენტი, სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების კონტროლზე კეთდება.
სპეციალისტები თანხმდებიან, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სიჩქარის კონტროლი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, მიუხედავად გამკაცრებული სანქციებისა, ალკოჰოლური და ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, კვლავ რჩება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ერთ-ერთ ძირითად გამომწვევ მიზეზად საქართველოში. ასევე მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების ღვედებისა და სხვა უსაფრთხოების მოწყობილობების გამოყენება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამასთან ერთად, საავტომობილო გზები უნდა იყოს დაპროექტებული და მოწყობილი იმგვარად, რომ პირველ რიგში, მოახდინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, თავიდან იქნეს აცილებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ადამიანის დაღუპვა ან დაშავება. ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობისა და მისი უსაფრთხოების გაუმჯობესება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ელემენტს, საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღებით, რაც წლების განმავლობაში არ ხორციელდებოდა. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სპეციალური სამთავრობო პროგრამის ინიციატივას, რომლის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ძველი ავტომობილების ახლით ჩანაცვლების ხელშეწყობა ხორციელება, თუმცა ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მხრივ მაინც საგანგაშო მაჩვენებელია.
ავარიების საგანგაშო სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, დარგის სპეციალისტები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობას საკუთარ გეგმას სთავაზობენ. გეგმა კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმ ადგილების განსაზღვრას გულისხმობს, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ყველაზე ხშირად ხდება, ასეთ ადგილებს კი დარგის ექსპერტები ე.წ „შავ მონაკვეთებად“ და “შავ წერტილებად” მოიხსენიებენ და მათი იდენტიფიცირების აუცილებლობაზეც საუბრობენ. ფაქტია, რომ ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა დედაქალაქში ხდება და ყველაზე მეტი ფატალური შედეგიც სწორედ თბილისზე მოდის.
აქ ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა – რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ აღმოიფხვრას სახიფათო მონაკვეთებზე ფატალური შემთხვევები? წარმატებული ქვეყნების პრაქტიკა გვეუბნება, რომ თუ სამი წლის განმავლობაში ოთხზე მეტი ავარია მოხდა, რომელიც სრულდება ფატალური შედეგით, ან 10-ზე მეტი სრულდება მძიმე დაშავებით, ეს მონაკვეთი არის „შავი წერტილი“. ასევე არის “შავი მონაკვეთებიც”, რომელიც ერთი კილომეტრის რადიუსს წარმოადგენს და დაახლოებით 6-ზე მეტი ადამიანი თუ დაიღუპა, ის უკვე შავ მონაკვეთად ითვლება.
აღნიშნული ჩანაწერი 2020 წელს „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონშიც გაჩნდა, თუმცა რამდენად ხდება დღეს მისი აღსრულება ეს ცალკე საკითხია.
წლებია გვესმის, რომ შემუშავების პროცესშია ის მექანიზმი, რომელსაც საბოლოო ჯამში მოაქვს “შავი წერტილის” იდენტიფიცირება. თუმცა ფაქტია, რომ დღეს ჩვენ რეალურად ვერ აღვრიცხავთ „შავ წერტილებს“ ქვეყანაში. არადა მხოლოდ არსებული “შავი მონაკვეთების” აღმოფხვრით შესაძლებელია, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდეს. თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევების კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად აუცილებელია, თავად მძღოლებისა და ქვეითების პასუხისმგებლობაც.